ინგა გრიგოლია სამწლიანი ტაიმაუტის შემდეგ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა – მისი ახალი თოქ-შოუ – „დიდი პოლიტიკა” – ყველა სამუშაო დღეს გავა „ტვ 3-ზე,“ სადაც ინგა გრიგოლია დიდი ხნის მეგობრის მიწვევით მოხვდა. როგორი იქნება უკვე დიდპოლიტიკაგამოვლილი, ცნობილი ტელესახის ახალი სატელევიზიო იმიჯი, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ის, რომ ინგა გრიგოლიას ახალი თოქ-შოუ ბევრი სიურპრიზით იქნება სავსე მაყურებლისთვის ქართულ ტელესივრცეში, ამას ბევრი მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება.
– ინგა, სამწლიანი ტაიმაუტის შემდეგ კვლავ ბრუნდები „დიდ ავიაციაში”. როგორი განცდა გაქვს?
– ეს სამი წელი ძალიან მენატრებოდა ჩემი საქმე – საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. სამუშაო, საქმიანი განწყობა მაქვს. არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ჩემი გადაცემა იქნება არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული – არა, ეს იქნება ჩვეულებრივი გადაცემა, წავიყვან იმავე სტილში, როგორც მიმყავდა სხვა გადაცემები. „დიდ პოლიტიკაში” იქნება როგორც დებატები, ასევე, „ჰარდთოქი” – ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის მაინც ყველაზე საინტერესო ფორმატია. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც იმ დღეს იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. გადაცემის გასვლამდე, რა თქმა უნდა, მაქვს შინაგანი ფორიაქი, მე არ მახსენდება ჩემი არც ერთი გადაცემა, ეთერში გასვლამდე რომ არ მენერვიულა. სანამ ეკრანზე საათი იყო, გული გამალებით მიცემდა ხოლმე, მაგრამ როგორც კი ვიტყოდი „გამარჯობას”, ეს მღელვარება მაშინვე ქრებოდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ხელახლა, მეექვსედ იწყებ საქმეს სრულიად ნულიდან, მაგრამ, მაქვს იმ გუნდის იმედი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს.
– თოქ-შოუს წაიყვან ტელევიზიაში, რომელიც ახლა იწყებს მაუწყებლობას. როგორ ფიქრობ, მისი რეიტინგი შენი გადაცემის პოპულარობას ხელს არ შეუშლის? ხომ არ რისკავ?
– ვიცი, რომ ჩემმა არჩევანმა ბევრი გააკვირვა, მაგრამ, გეტყვით, რომ ნულიდან დაწყების „მუღამი” ნამდვილად მაქვს – მჯერა, რომ „ტვ 3“ იქნება ძალიან სერიოზული ტელევიზია, რომელიც უკვე სრული დაფარვით იმუშავებს. ჩემთვის აღარ არსებობს დიდი და პატარა ტელევიზიების ცნებები: მიმუშავია ასპროცენტიანი ყურებადობის არხზეც და ისეთზეც, საერთოდ რომ არ იყო შექმნილი. მაგალითად, როცა გადაცემის გაკეთება დავიწყე „მზეზე”, მაშინ ტელევიზია საკაბელო მაუწყებლობითაც კი არ ვრცელდებოდა; იყო ძალიან ბევრი სირთულე, როდესაც მუშაობა დავიწყე „პირველ არხზე,“ რომლის რეიტინგიც მაშინ ნული იყო. მე მქონდა ძალიან ბევრი წინადადება, მათ შორის – პოპულარული არხებიდან, თუმცა, არჩევანი „ტვ 3-ზე“ გავაკეთე. გარდა იმისა, რომ ყოველდღიური ეთერი ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმეს იწყებ ნულიდან, ეს მეტად საინტერესოა. „ტვ 3“ ძალიან სერიოზული პროექტებით იქნება წარმოდგენილი, თუმცა, არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, ვისაუბრო სხვების პროექტებზე მათ ნაცვლად. ვიცი, რომ გადაცემები, რომლებიც გაკეთდება ამ ტელევიზიაში, ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ერთს გეტყვით: ჩემი დაბრუნება ჟურნალისტიკაში არის სამუდამო, თუ ისევ რამე პრობლემა არ შეიქმნა ჩემ ირგვლივ და კიდევ ახალი გადაცემის დაწყება არ მომიწია ნულიდან. ეს ბევრჯერ მაქვს გავლილი – თუ არ ვცდები, ექვსჯერ დაიხურა ჩემი გადაცემა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ რეკორდსმენი ვარ (იცინის). ჩვენთან ტელევიზიების რეიტინგი ხომ პოლიტიკური პროცესების მიხედვით იცვლება; ან ერთი არხი ხდება მაღალრეიტინგული, ან მეორე. მე აქ მაქვს სრული თავისუფლების გარანტია – თავიდანვე ასეთი პირობები შემომთავაზეს. ამ ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა ჩხენკელი, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, სწორედ მისგან წამოვიდა წინადადება. გაგიკვირდებათ, მაგრამ, გეტყვით, რომ კახა ბაინდურაშვილი აქ გავიცანი, მე მასთან არასდროს მქონია საქმიანი ურთიერთობა, რესპონდენტადაც კი არ მყოლია.
– „ოფიციალურად” მუშაობდი „პირველ არხზე,“ სადაც შენს გადაცემას გასვლა აღარ ეღირსა...
– ხუთი თვე ვიყავი „პირველი არხის“ თანამშრომელი, ვიღებდი ხელფასს, მაგრამ, არ მიშვებდნენ ეთერში. პირდაპირ გეტყვით: მე მაქვს ეჭვი, რომ „პირველ არხზე“ დამბლოკეს. ვინ დამბლოკა და რატომ – ამაზე საუბარს ვერ დავიწყებ. იმ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, რაც ახლა ხდება „საზოგადოებრივ მაუწყებელში,“ ბუნებრივია, რომ ვიღაცას არ აწყობდა იქ ინგა გრიგოლია. მე არ მომწონს ის პროცესები, რაც ხდება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე,“ არ მომწონს თავდასხმები ჟურნალისტებზე – ეს არ არის ნორმალური პროცესი.
– საზოგადოებისთვის ყოველთვის სალაპარაკო ხდება შენი მაღალანაზღაურებადი ხელფასები. აქ დაკმაყოფილდა ინგა გრიგოლიას „სახელფასო სტანდარტი”?
– როცა ჩემს გადაცემაში 20-25 წუთიანი და უფრო ზრდადი სარეკლამო ჭრები იყო, მე, რა თქმა უნდა, მოვითხოვდი ძალიან მაღალ ხელფასს. მე ხომ ძალით არ ვაყაჩაღებდი ვინმეს, მიხდიდნენ კარგ ხელფასს – იმას, რაც უღირდათ. ძალიან დიდ გოიმობად მიმაჩნია, როდესაც ცუდ ტონად ითვლება მაღალ ხელფასზე საუბარი. ვფიქრობ, ვისაც უჩნდება ასეთი ტიპის შეკითხვა – რატომ აქვს ინგა გრიგოლიას ხელფასი, – თვითონ ვერასდროს მიაღწევს ვერაფერს და არ აქვს შანსი ცხოვრებაში, რომ, დაუღალავი, პირდაპირ გეტვით – ვირული შრომით მიიღოს კარგი შემოსავალი. თუ გაინტერესებთ, აქ რამდენია ჩემი ხელფასი გეტყვით – მაქვს ძალიან ნორმალური ანაზღაურება, რაც ჩემთვის მისაღები ჰონორარია და მიღირს, ვიმუშაო ამ ანაზღაურებაზე ყოველდღე; მაგრამ, იმასაც გეტყვით, რომ ამაზე ბევრად მეტი ხელფასიც მქონია და ნაკლებიც, თუმცა, არც ეს ყოფილა პრობლემა.
– შენი თოქ-შოუ სკანდალებისა და ხმაურის გარეშე წარმოუდგენელია. რა სიურპრიზებს ჰპირდები მაყურებელს?
– ვერ გეტყვით, რომ ხმაურს ვგეგმავ. პირველი გადაცემისთვის რასაც ვგეგმავდი, ცხრაჯერ ამიყირავდა. ამას ახლა არ ვიტყვი, მაგრამ, რამდენიმე სტუმარმა უკვე შეიკავა თავი ჩემს გადაცემაში სტუმრად მოსვლაზე. მაგრამ, თუ შევატყვე, რომ ეს ტენდენციად იქცა, ამის შესახებ აუცილებლად ვიტყვი. არ მოვა ერთი სტუმარი, მოვა მეორე – ამის მეტი რა მინახავს. ისეთი პერიოდიც მქონია, გადაცემა „ცარიელი სკამებით” მიკეთებია. ვფიქრობ, პირველი გადაცემა არ იქნება უინტერესო, პირიქით, ძალიან კარგი გამოვა. საბედნიეროდ, მე ყოველთვის მყავდა ჩემი ინფორმაციის წყაროები და, იმედი მაქვს, წყაროს ნაკლებობას არც ახლა განვიცდი. მე აღარ ვაპირებ დავკომპლექსდე იმით, რომ ვინმეს ჩემი რომელიმე შეკითხვა არ მოეწონება. ნაციონალები სულ მაბრალებდნენ ხოლმე, ოპოზიციაზე მუშაობო; როგორც კი გადაცემაში დასმული კითხვა არ მოეწონებოდა მეორე მხარეს, ახლა ისინი იწყებდნენ ბრალდებებს. სულ ვცდილობდი ლავირებას და ეს მუდმივად იყო ჩემი ტანჯვა, რისგანაც საბოლოოდ გავთავისუფლდი. ჩემდა გასაოცრად, ალბათ, ძალიან გავიზარდე და ეს კომპლექსები აღარ მაწუხებს. ასე პოლიტიკურად ნეიტრალური ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ, სრულიად დაცლილი ვარ ემოციებისგან.
– ამაში, ალბათ, შენი პოლიტიკური გამოცდილებაც გამოგადგა.
– რა თქმა უნდა. იმის მიუხედავად, რომ მე დღესაც ვფიქრობ – პოლიტიკაში ყოფნა იყო ჩემი შეცდომა, ამას ბევრი დადებითი მომენტიც ახლდა. ბევრი ისეთი საინტერესო ამბავი „დავინახე”, რაც გარედან არ ჩანს. მე ვმუშაობდი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში და, შესაბამისად, ძალიან კარგად შევისწავლე სოციალური საკითხები, ბიუჯეტი. იმდენად სერიოზულად ვმუშაობდი ხოლმე ყველა საკითხზე, როცა ბიუჯეტი გამქონდა ფრაქციაზე, დებატების წინ ორი დღე მამეცადინებდა ნოდარ ხადური და, ისე გავიტანე ბიუჯეტი, რომ, კარგი მასწავლებლის წყალობით, დებატებში ჩემი ჩაფლავება ვერავინ შეძლო.
– თუმცა, პოლიტიკამ ძალიან დააზარალა შენი იმიჯი.
– ასე ვერ ვიტყვი. ვის თვალში დაზარალდა? – იმ ადამიანების, ვინც გუშინ ნაციონალები იყვნენ, დღეს „ოცნებაში” არიან და ხვალ „ბურჯანაძეები” ან სხვები გახდებიან?! ჩემი შეცდომა ის იყო, რომ არ უნდა დამეტოვებინა საქმე, რომელიც ძალიან მიყვარდა, თორემ, ამ არჩევნების წინ მქონდა შემოთავაზებები და მეც შემეძლო, ავმდგარიყავი და გადავმხტარიყავი სხვა გუნდში, რაც პრინციპულად არ გავაკეთე. მე თვითონ, როგორც ჟურნალისტს, ყოველთვის მქონდა მწვავე რეაქცია, როცა ადამიანები არჩევნების წინ იცვლიდნენ პოლიტიკურ გუნდებს, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, საერთოდ დამეტოვებინა მანდატი და წამოვსულიყავი. მე ეს ნაბიჯი არც კეკლუცობისთვის გამიკეთებია და არც იმისთვის, რომ სადმე, რომელიმე სხვა ორბიტაზე მოვხვედრილიყავი. იმდენი რამ დამანახვა პოლიტიკამ, იმდენი ემოცია გადავხარშე, იმდენი პატარა ადამიანების თამაში ვნახე დიდ პოლიტიკაში, ჩემი რამით გაკვირვება წარმოუდგენელია, პოლიტიკურად სრულიად გაფილტრული დავრჩი. აღმოვაჩინე, რომ ქართული პოლიტიკა ერთი და იმავე ადამიანებით, რომლებიც სხვადასხვა წრეზე ტრიალებენ, ჩემს ემოციებს აღარ იწვევენ. დღეს მე მირჩევნია, მათთან ვისაუბრო ჩემი ჟურნალისტური ამპლუიდან. ვერც იმას დაგიმალავთ, რომ იმ პერიოდში, როცა მე პოლიტიკაში ვიყავი პოლიტიკოსებისგან ყოველთვის ვგრძნობდი დამოკიდებულებას ჩემ, როგორც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ და თითქმის არ მახსოვს მათგან პოლიტიკური თავდასხმები; უფრო მეტიც – ისინი მაინც „მინდობდნენ” როგორც ჟურნალისტს. ამ გადაცემაში მე არ ვიქნები ჟურნალისტი პოლიტიკური გამოცდილებით; მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტი. ამისთვის მყავს საუკეთესო მაგალითი – გიორგი თარგამაძე, რომელმაც თავის დროზე დატოვა „აღორძინება” და მერე ამ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული გადაცემის ავტორი გახდა. ასე რომ, ძალიან წელგამართული ვბრუნდები ტელესივრცეში.
– როგორი იქნება შენი ახალი სატელევიზიო იმიჯი?
– ჩვეულებრივი. მომინდა და თმა შევიჭერი, ცოტა გავაღიავე კიდეც თმის ფერი. ამაზე მებრძოდნენ, მაგალითად, ნოდარ მელაძე, ვინც ჩვენი გადაცემის პროდიუსინგში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, – მეხვეწებოდა, ისევ გაიმუქე თმა და ისე დაჯექი ეთერშიო (იცინის). ამჯერად დავარღვიე ტრადიცია და გადაცემის წინ ვერ დავიცავი სასტიკი დიეტა – ჯანმრთელობის გამო ჩემთვის არ შეიძლებოდა მძიმე დიეტის დაცვა და, გადავწყვიტე, რომ არ მომეკლა თავი შიმშილით. არსებობს შენიღბვის ძალიან კარგი საშუალებები: მაკიაჟი, ჩაცმულობის სტილი, რაც ჩემს დარღვეულ ტრადიციას „გამოასწორებს”; სამაგიეროდ, ძალიან ჯანმრთელი და ენერგიული ვბრუნდები ეთერში.
– ამბობენ, შენს პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია.
– ამბობენ (იცინის) იმას გეტვით, რომ ძალიან კარგად ვარ. ვისაც არ ვუყვარვარ, შეუძლია, ინერვიულოს; ვისაც ვუყვარვარ, შეუძლია, გაიხაროს – ბოლო დროს ბევრჯერ არ მქონია პერიოდი, რომ ასეთი ბედნიერი ვყოფილიყავი. ამას წინათ ვთქვი რაღაც ჩემს პირადზე და ლამის ქვეყანა დაინგრა – როგორ შეიძლება, შენ ამ თემაზე ილაპარაკოო? რატომღაც, ჩემთან დაკავშირებული ყველა დეტალი განხილვის თემა ხდება. მაგალითად, ჩემი გადაცემის ერთ-ერთი პირველი სტუმარი იქნება ლევან პირველი, რომელიც ახლახან დაბრუნდა საქართველოში. მასთან შესახვედრად წავედი სასტუმრო „შერატონში”, რადგან, ტერიტორიულად ორივეს გვაწყობდა. დამალვა რომ მდომებოდა, როგორმე სხვა ადგილს მოვძებნიდი – გამოცდილება დიდი მაქვს: ისეთი ადგილებიც ვიცი, სადაც მალულად უნდა შევხვდე რესპონდენტს, რომელსაც გადაცემის დეტალები თავად უნდა შევუთანხმო (იცინის). როგორც კი შეხვედრიდან გამოვედი, ორმა საინფორმაციო სააგენტომ დამირეკა – ლევან პირველს რატომ შეხვდითო. მე ვუთხარი: აბა, გამოიცანით, რატომ შევხვდებოდი ლევან პირველს, როცა ორშაბათს ეთერში გავდივარ-მეთქი (იცინის).
– და, ის საიდუმლო ადგილები სადაა, სადაც პოლიტიკოსებს მალულად ხვდებოდი?
– საკუთარი სახლი საიდუმლო შეხვედრებისთვის ყველაზე სანდო ადგილია. არ ვიცი, ვინმემ, შეიძლება, რაიმე ტექნიკური საშუალება დამალა კიდეც სადმე, მაგრამ, ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის სახლი მაინც ყველაზე შესაფერისი ადგილია. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემს კორპუსში ბევრი ცნობილი, პოლიტიკასთან დაკავშირებული ადამიანი ცხოვრობს, ვერავინ მიხვდებოდა, ჩემი „საიდუმლო სტუმრები” ჩემთან მოდიოდნენ თუ სხვასთან (იცინის).
23/09/2013 წყარო:თბილისელები