ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებითბილისს ახალი სპეცტექნიკა დაასუფთავებს (ფოტო)

თბილისს ახალი სპეცტექნიკა დაასუფთავებს (ფოტო)

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა.

როგორც მან პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისთვის, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქებს შორის ტურისტული თვალსაზრისით ლიდერი იყოს, მუნიციპალიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს.

„თბილისს, როგორც ულამაზეს და უძველეს დედაქალაქს სჭირდება მოვლა-პატრონობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყო ყოველთვის ლიდერი ევროპულ ქალაქებს შორის ტურისტული მიმართულებების თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურა ქალაქში იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და გამართული.

თქვენ ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა გამზირზე იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული. კიდევ უფრო თავისუფლად იყოს შესაძლებელი გადაადგილება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც ჩვენ უმნიშვნელოვანესი რეფორმა წამოვიწყეთ და დღეს მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობუსები მთლიანად განვაახლეთ და არცერთი ყვითელი დანგრეული, გაუბედურებული ავტობუსი და მიკროავტობუსი არ გადაადგილდება, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ასევე კომფორტულობის მხრივ. დღეს, თბილისს ჰყავს სრულიად განახლებული, ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები და რა თქმა უნდა, ეს რეფორმა გაგრძელდება.

ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ გამწვანება ქალაქის, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და დღესაც გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი სკვერი და პარკი უნდა ჰქონდეს თბილისს იმისთვის, რომ იყოს ევროპაში ყველაზე მწვანე ქალაქი, სადაც აქ მცხოვრებ ადამიანებს თუ ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ სრულფასოვანი დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD) მხარდაჭერითა და თანადგომით „თბილსერვის ჯგუფისთვის“ 74 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია და დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება.

„ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით და თანადგომით შევიძინეთ 74 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია, დარჩენილი 15 ერთეულიც რამდენიმე დღეში ჩამოვა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, მოწესრიგებული და რა თქმა უნდა, ხვალიდან ეს ტექნიკა დაიწყებს მუშაობას დედაქალაქის ქუჩებში.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ყველა წამოწყება, მათი მხარდაჭერით ხორციელდებოდა დღემდე. რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის გარდა, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიამ“ მილსადენებისა და სანიაღვრე არხების შიდა ზედაპირის შესამოწმებელი რობოტი შესაბამისი კომპლექტით და სპეციალური სატრანსპორტო საშუალება შეიძინა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ სპეცტექნიკას საქართველოში ანალოგი არ აქვს.

„ასევე, „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამაც“ ძალიან მნიშვნელოვანი სპეცტექნიკა შეიძინა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების დროს გამოიყენება. ამ ტექნიკას საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ერთადერთია ეს უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დაზიანების შემთხვევაში კონკრეტულად მივიდეთ დაზიანების ადგილას და არ მოგვიწიოს ქუჩების გადათხრა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ყველა თანამშრომელს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადა კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული სპეცტექნიკის მოწოდებაში მონაწილეობდნენ.

„კომპანიებს „თეგეტა მოტორსსა“ და „ჯითი მოტორსს“ მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რადგან ეს ტექნიკა მათი მოწოდებულია.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თბილისი იყოს მოწესრიგებული, იყოს გამართული ინფრასტრუქტურა. მადლობა მათ შრომისთვის, საქმისთვის. იყო პრობლემები, ჩავარდნები. ეს კარგად ვიცით, რადგან პულსზე ხელი გვიდევს. ერთი წლის უკან ჩვენ შევიძინეთ ეს ტექნიკა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დასჭირდა დამზადება და დღეს გვაქვს უკვე შესაძლებლობა, რომ ეს მნიშვნელოვანი შენაძენი ხვალიდან ქალაქის სამსახურში ჩადგეს.

ცხადია, დედაქალაქში უამრავია პრობლემა და გამოწვევა, მაგრამ იცოდეთ, რომ თბილისის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალში, რომ რეალობა შეიცვალოს და ჩვენი ქალაქი იყოს მიმზიდველი. ხომ ულამაზესია თბილისი, მაგრამ კიდევ უფრო ლამაზს გავხდით, რადგან ქალაქში თითოეული უბანი განსაკუთრებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!