ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება“მუცელში წიხლი მომხვდა. სუნთქვა შემეკრა, ჩავიკეცე... ბეჭებში მომაყოლა იდაყვი მთელი ძალით...” -...

“მუცელში წიხლი მომხვდა. სუნთქვა შემეკრა, ჩავიკეცე… ბეჭებში მომაყოლა იდაყვი მთელი ძალით…” – ჟურნალისტის სულისშემძვრელი განცხადება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ჟურნალისტ ერეკლე ცოცანიძის შოკისმომგვრელი მოგონებები გლდანის ციხეზე

ერეკლე ცოცანიძემაკა მოსიაშვილის მსგავსადჟურნალისტია და მანაც “მიხეილის ციხის ჯოჯოხეთი” საკუთარი თვალით ნახა… სხვათა შორისმაკა მოსიაშვილიერთერთი პარტიის პროპორციული სიითთელავის საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის. “ქართული სიტყვა” მაკას წარმატებას უსურვებს და აგრძელებს ერეკლე ცოცანიძის ციხის შოკისმომგვრელი დღიურის გამოქვეყნებას. “2012 წელსგლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრაკადრებზე წამება იყო ასახულიმას შემდეგრაც 2011 წლის მაისშიგლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდიმიზნად დავისახედეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვისთუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრებამე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლადსახელებითა და გვარებითწუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლესრომელიც აქამდე არ იცოდით”, – ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში

16 ივნისი2011 წელი

 

კვირა გათენდა.

წესით, წყნარი დღე უნდა იყოს.

მხოლოდ ოფიცერი იყურება წარა-მარა, ჩვენც წამოვხტებით ფეხზე მის ყოველ შემოხედვაზე…

მეორე დღეა, კბილი მტკივა, ბეშქენასთვის არაფერი მითქვამს – მაგარი უზრდელი ოფიცერია. რაღაც ისეთს მეტყოდა, ნამდვილად არ მიღირდა. ამიტომ მოვითმინე, დღევანდელ ოფიცერს ვეტყვი საღამოს, “პრავერკაზე”.

დღეს ბიჭებს ტელეფონები აქვთ. მე – არა, მიუსჯელი ვარ და უფლება არ მაქვს. ტელეფონი რა, გამარჯობის თქმას ძლივს ასწრებენ, სამი წუთი ორ კვირაში ერთხელ – ასეთია ლიმიტი. აბა, ბიჭი ხარ და გადაააცილე!

დაიწყო…
რიგრიგობით გადიან.

გელა აკანკალებული შემოვიდა.

– რა მოგივიდა-მეთქი, – ვკითხე.

მითხრა:

– შვილიშვილთან საუბარში დროის შეგრძნება დავკარგე და გადავაცილე დროს. რომ ვერ გამაგონა, ოფიცერმა გართულს კარგი გვარიანად შემაგინა და, მგონი, ოჯახში გაიგესო.

გელა 60 წელს კარგად გადაცილებული მამაკაცია. ყოველ დილა-საღამოს მისთვის გამოწერილი წამლები მოაქვთ და ნერვიულობაც არ შეიძლება.

მოსაღამოვდა…

5 ხელი “შაში” წავაგე.

რაზე ვთამაშობთ? – არაფერზე. უბრალოდ, ვერთობით.

“პრავერკაზე” გავედით, შემოსვლისას ოფიცერს მივუახლოვდი:

– ბატონო ოფიცერო, კბილი მაწუხებს მეორე დღეა, იქნებ, წამალზე ჩამწეროთ?

– რა გინდა?

– წამალი.

– წამალი არა, ყ..ე…

შევედი და გადავწყვიტე, აღარასოდეს მეთხოვა წამალი.

 

18 ივნისი2011 წელი

დღეს გელას სასამართლო აქვს და 6 საათზე გააღვიძეს.

მეც გამეღვიძა. ავდექი, სანთელი ავანთე და ლოცვა წავიკითხე, შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, პური და საჭმელი მივიღე, ბიჭები გავაღვიძე და ვისაუზმეთ. შემოვლა დაასრულა ოფიცერმა.

რადიო ჩავრთეთ. მე და რამაზი “შაშს” მივუსხედით. მერე, წიგნი გადავშალე, მაგრამ გული ვერ დავუდე.

აზრი გამიჩნდა – ჩემს აქ ყოფნასაც რაღაც მისია უნდა მივანიჭო, ამაზე ბევრს ვიფიქრებ, თუმცა ჯერ არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო ეს.

უცებ ნაბიჯების სწრაფი ხმა გაისმა, თან დაბალი გინება მოჰყვა.

– რომლები არიან, ეს დედა ნატყ….ბი, – გაისმა ნაცნობი მჭექარე ხმა.

ჩვენთან შემოიხედეს, ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, მანდ არაო და დახურეს სათვალთვალო. კარის გაღების ხმა გაისმა და ჩვენს მარცხნივ, რომელიღაც კამერას შავი შუადღე დაუდგა.

უმოწყალოდ ბღავიან პატიმრები…

ღრიალებენ რეჟიმის თანამშრომლები.

დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ, მიწყნარდა ყველაფერი.

მხოლოდ ოთხი წყვილი ფეხის ბრაგუნმა დაარღვია მყუდროება.

აშკარად დავინახეთ, როგორ გააქცია ოთხმა პატიმარმა და ორმა ოფიცერმა საკაცით ვიღაც ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, რომელიც ჩვენი “კამერიდან” კარგად ჩანს.

„პრავერკაზე” გავედით.

აკომ სთხოვა ოფიცერს, მე დიაბეტიანი ვარ და იქნებ, შაქარი გამიზომონო. საღამოს ექთანი მოვიდა. კარი გაიღო, ჯერ კონტროლიორი შემოვიდა, შემდეგ – ოფიცერი.

– უკან გადაიწიეთო, – გვიბრძანა.

გადავიწიეთ.

ახალგაზრდა ექთანი შემოვიდა, საკმაოდ სიმპათიური. დაჭერის შემდეგ, პირველად დავინახე ქალი ასე ახლოს. შეეტყო, მანაც იგრძნო რვა წყვილი დაჟინებული თვალი.

შერცხვა…

გაწითლდა… თეთრი ლოყები შეუვარდისფრდა.

არც გამოუხედავს ჩვენსკენ, აკოსთან დაიხარა, შაქარი გაუსინჯა, შემდეგ ადგა და ერთი პაკეტი ხსნარი მისცა, ისეთი, როგორსაც ვენაში უსხამენ ხოლმე ავადმყოფს.

– ამას ვერ გადაგისხამთ აქაურ პირობებში და უნდა მთელი დღის განმავლობაში დალიოო.

ასეთი რამ პირველად გავიგე – ვენაში გადასასხმელი წამლის დალევა.

მოსაღამოვდა.

გელა მოვიდა სასამართლოდან.

– რა ხდებაო, – ვკითხეთ და არაფერიო.

მას 7 წელი უკვე მიუსაჯეს, თუმცა სხვა სამოქალაქო დავები აქვს და დაჰყავთ სასამართლოებზე. “ფუქსებში” სახელოვანი ფეხბურთელი დემეტრაძე უნახავს, მისთვისაც არ მიუსჯიათ ჯერ – არ ეპუება დემე, სტრასბურგში ჩივის. როგორც გელა ამბობს, დანებებას არ აპირებს.

დავსხედით. მაღაზიის სია ჩამოვწერეთ – ხვალ გავაახლებთ ჩვენს სამზარეულოს, სიგარეტიც უკვე გვითავდება. აქ კი უსიგარეტოდ ყოფნა ძალიან ძნელია – მახსოვს “კარანტინის” გამოცდილება.

 

20 ივნისი2011 წელი

გარეთ წვიმს…

აუ, როგორ მომენატრა ქუჩაში ხეტიალი.

აქედან მხოლოდ ერთი ხედი ჩანს – შორს, მთაზე მიმავალი ტრაილერები ჩანან. ან სად-ის მანქანები, რომლითაც სასამართლოებზე მიჰყავთ პატიმრები. დადგება დრო, მეც წამიყვანენ მაგ გზით. საინტერესოა, როგორი დამხვდება ჩემი ქალაქი?! სულ რაღაც 12 დღე დარჩა ჩემს სასამართლომდე. პირველი სხდომით, ვიცი, გაიხსნება პროცესი და გადაიდება – ვერ თანხმდებიან საპროცესოზე.

ნეტავ, ახლა დავითა რას შვრება? – ამეკვიატა ფიქრი. ისიც ზის ჩემსავით ერთ-ერთ “კამერაში”, იქნებ, სადღაც გვერდზეა და არ ვიცი. სასამართლოზე ვნახავ. პატარაა და არ მინდა, დაიჩაგროს ამ ჯოჯოხეთში.

რას შვრება დედაჩემი, ნეტავ, როგორ არის? რას იზამს, უნდა გაუძლოს. ბევრჯერ ეცადა, გამენებებინა თავი ჩემი საქმისთვის, მაგრამ ვერ ავიტანდი ჩუმად იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა ქვეყანაში. არ შეიძლებოდა იმ ყველაფრის მოთმენა, რასაც “ნაციონალთა” ხროვა აკეთებდა. პირველად მათი სისასტიკე საკუთარ ტყავზე 2007 წელს ვიგრძენი, შვიდ ნოემბერს, როდესაც სასტიკად დაგვარბიეს პარლამენტთან, როდესაც უგონოდ მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი ჩემი ხელით ჩავაწვინე სასწრაფო მანქანაში, ის და დედამისი სრულიად შემთხვევით მოხვდნენ პარლამენტის შორიახლოს და პატარას სასუნთქმა სისტემამ ვერ გაუძლო მხუთავი გაზის სიძლიერეს. პატარამ კი არა, მეც ვერ გავუძელი და რიყეზე უკვე ვეღარ შევძელი წასვლა. ამას მოჰყვა 2009 წლის აპრილი და საკნების პროტესტი, რამდენჯერ დაგვესხნენ თავს “ნაცზონდერები”, მაგრამ ვერ დაგვფანტეს. უკვე სექტემბერში, ჩვენმა საამაყო პოლიციამ და სპეცსამსახურებმა, თელავში, საკუთარ ოფისში გვცემეს გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” სიმღერის მოსმენისთვის. ესეც არ იყოს, ჩემი ტკივილია ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება, უსამართლობა, უპასუხისმგებლობა, საზოგადოების გახლეჩა, ქუჩებში ხალხის დახვრეტა, ინტელიგენციის ჩარეცხვის მცდელობა.

ჩემი ტკივილია 2008 წლის აგვისტო და ისიც, რომ ბურები უნდა ჩამოგვისახლონ – თურმე, მათ უკეთ სცოდნიათ სოფლის მეურნეობა, ვიდრე – ქართველს.

ამ ფიქრებში გავლიე დღის უმეტესი ნაწილი. საბედნიეროდ, სიმშვიდეა – ეტყობა, დამაძღრები არიან პატიმართა სისხლით. დროებით მაინც არ ისმის არავის ხმა.

საღამოს წამლები ჩამორიგდა, გელასაც მოუტანეს. „კარმოშკა“ რომ გაიღო, ფეხზე არ ავმდგარვართ, ასე იყო მიღებული – ექიმს არ ვუდგებოდით, ოფიცერსაც შემოუხედავს, ვერ დავინახეთ, ვინც დაინახა, მოასწრო ადგომა და ჩვენც გვითხრა, მაგრამ გვიანი იყო. ორი კაცი – მე და კობა შეგვამჩნია რომ არ ავდექით, დაგვიძახა და გვაგინა, კართან იდექით, არ გაინძრეთ, მოგხედავთო. ახალი ოფიცერია, სახეზე ვერ ვცნობ, როგორც ჩანს, დღეს პირველად მოვიდა. წამლები რომ ჩამორიგდა, კონტროლიორი მოვიდა და პირველი კობა გაიყვანა. ცოტა ხანში შორიდან მისი ზმუილი მოისმა. დაბრუნდა წელში მოკაკვული და კოჭლობით. მივხვდი, მეც იგივე მელოდა. გავედი… ოფიცრის ოთახში შევედი, შევათვალიერე, სიმაღლით ჩემი ნახევარია. კუთხესთან დამაყენა – ეს მხარე ვიდეოთვალიდან არ ჩანს.

– არ იცი, როგორ უნდა მოიქცე, შე ყ..ო, – მითხრა და მუცელში წიხლიც მომხვდა. სუნთქვა შემეკრა, ჩავიკეცე, არ დააყოვნა და ბეჭებში მომაყოლა იდაყვი მთელი ძალით. მუხლზე დავეცი და ჩემს ბეჭებზე რაღაცამ გაიშხუილა, ზურგი ერთ ზოლზე ამეწვა. გვიან მივხვდი, ეს გასაღების ჯაჭვი იყო, რომელიც ხელში ეკავა.

– “გააჯვი” ახლა და ნორმალურად მოიქეცი, თორემ დედას მოგ…ვო, – მითხრა.

სისხლმა ამასხა – სხვა სიტუაციაში ამას ხომ ცოცხლად შევჭამდი, მაგრამ ახლა თუ გადამეკეტა, ეს უამრავი ადამიანის დაღუპვას უდრის. ძლივს ავიზლაზნე და შევედი “კამერაში”. შემოიხედა, წამოწოლილი არ გნახოთ არც ერთიო, გვითხრა და წავიდა. თითქმის მთელი ღამე გავათენე, სხეული არა, სული მტკიოდა. ამდენი არასოდეს მომითმენია.

 

21 ივნისი2011 წელი

დილა გათენდა.

სიგარეტი ისევ არ არის, კიდევ კარგი, თუთუნი კიდევ დარჩა. ჩამოვედი საწოლიდან, გადავახვიე… დღეს ბევრი საქმე მაქვს, – გამეცინა ამის გაფიქრებაზე. თურმე, ციხეშიც შეიძლება გქონდეს საქმე. “კამერაში” მორიგე ვარ. მორიგეს იმ დღისით “კამერის” გამოგვა და გამოწმენდა ევალება. მერე, თეთრეული მაქვს გასარეცხი, მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ მიაქვთ, ისიც – მარტო ზეწარი და არ იცი, რას დაგიბრუნებენ. ასე რომ, ჩვენ ჩვენს თეთრეულსა და ტანსაცმელს “კამერაში” ვრეცხავთ. დღეს “აღმაშენებელსაც” დავამთავრებ და ორშაბათს სოციალს ვთხოვ, დანარჩენი ტომებიც მომიტანოს. თორმეტსაათიანი საინფორმაციო დაიწყო და მაღაზიაც მოვიდა. მოვიდა რა, პარკების ხმა გავიგეთ – “კამერებთან” არიგებენ. თვალებში ყველას კითხვის ნიშანი გვაქვს, ნეტავ, თუ დაგვიჯდა ფული? საშინელებაა ეს უსიგარეტობა.

მოვიდა – სიგარეტი, პრესა და ყველაფერი ის, რაც დავწერეთ სიაში. მადლობა თითოეული ჩვენგანის ოჯახებს!

წუხელ სიზმარი ვნახე, საოცარი სიზმარი:

სახლში ვიყავი, ჩემს ქუჩაზე პატრიარქმა ჩამოიარა ორ მოძღვართან ერთად. აივანზე ვიდექი, სწრაფად ჩავირბინე კიბე, უწმინდესს კალთაზე ვემთხვიე. წამომაყენა, გულში ჩამიკრა და მამობრივი მზრუნველობით მითხრა:

– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.

მითხრა და წავიდა, ვუყურებდი მიმავალ წმინდანს და თვალი ვერ მოვწყვიტე, სანამ ქუჩას არ მიეფარა. მხნედ, ჯანმრთელად გამოიყურებოდა. გამახსენდა ეს სიზმარი. გამახსენდა და ცოცხალ წმინდანზე ფიქრმა წამართვა თავი. იგი ერთადერთია, ვისიც მჯერა დღევანდელ სიტუაციაში. მან ხომ უამრავჯერ იხსნა საქართველო განსაცდელისგან და როცა არ დავუჯერეთ, ყოველთვის კისერი წავიმტვრიეთ. ის სიმშვიდისა და ზნეობრივი სისპეტაკის სიმბოლოა.

მოჭოტას დაუძახეს და სადღაც წაიყვანეს. რამდენიმე საათი არ დაბრუნებულა. რომ მოვიდა, დიპლომატები იყვნენო, გვითხრა, თუმცა რას გაიგებ, დამპალი სისტემაა ეს ციხე – შეიძლება, სულ სხვა რამ უნდოდათ, აინტერესებდათ, ვინ როგორ ვცხოვრობთ, ვინ რას ვამბობთ, რითი ვსუნთქავთ. შეიძლება, იფიქრეს, მას ადვილად გამოსტყუებდნენ ინფორმაციას, თანაც ქართულად უკვე მშვენივრად ლაპარაკობს.

რადიოში უკვე თითქმის ყოველ საღამოს ჰყვებიან სხვადასხვა დაწესებულებაში პატიმართა წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, პოლიტიკოსები და არასამთავრობოები ერთმანეთს ასწრებენ განცხადებების გაკეთებას, მონიტორინგს ითხოვენ. ბიჭები იძახიან, კარგია, რომ შუქდებაო. რა არის კარგი – აზრი აქვს რომ? ამის დამტკიცებას ფაქტები სჭირდება, ფაქტები, რომელიც არავის აქვს და არც არავის ექნება. დახურული სისტემაა – ვინ რას გაიტანს. ეს ხომ სისულელეა! აგერ, დღესაც ვიღაც გაიყვანეს აბანოში და ეტყობა ცოტა წაარტყ-წამოარტყეს. აბანო ჩვენს გვერდითაა და ხმა კარგად ისმის.

“აღმაშენებელი” დავამთავრე, პირველი სამი ტომი. ორშაბათამდე დავისვენებ და თუ მომიტანეს დანარჩენი ტომები, ალბათ, მალე გავალ ფინალში. წიგნი და კალამი ხომ ერთადერთია, რაც მიმსუბუქებს აქ ყოფნას.

 

23 ივნისი2011 წელი

გამეღვიძა. ონკანს ვეცი – წყალი ისევ არ მოდის.

ცხელა, დილაა მაგრამ ცხელა.

ტუალეტის ქაღალდით გავწმინდეთ ჯამები და საჭმელი ისე ავიღეთ. წვეთ-წვეთი გავიყავით დარჩენილი წყალი, ხელები დავიბანეთ. ამას დაბანა არ ჰქვია, მაგრამ მაინც. საჭმელი არ მიჭამია, არ მშია თითქოს, რაღაც მაფორიაქებს, არ მასვენებს, არადა, ვიცი, ძაღლი ინტუიცია მაქვს, რაღაც ხდება – ნეტავ, სახლში როგორ არიან? იმედია, ყველა კარგადაა. ერთი თვალით მაინც დამანახა სახლი და ოჯახი, საშინელი მონატრება მაწვება, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვარ, ვატყობ, თავი ხელში უნდა ავიყვანო, თორემ გავრეკავ.

საშინელი სიცხეა. წყლის დარიგებას არც ფიქრობენ. სული გვეხუთება და ვეღარ ვაზროვნებთ. ახლა დამსვა ომალოში, ჩემს ეზოში, თუშეთი ხომ სამოთხეა დედამიწაზე. სიწყნარე, სიმშვიდე, სილამაზე, ყველაფერი ერთადაა, გინდა დაიჩოქო და მიწას აკოცო, ამით უთხრა მადლობა უფალს, რომ გაღირსა ამ სილამაზით ტკბობა.

ფიქრი უჩვეულო ხმაურმა შემაწყვეტინა, კარს აღებენ და გვარებს კითხულობენ – დიდი შემოწმება დაიწყეს. გაიღო ჩვენი კარიც. გავედით სირბილით და კედელთან დავდექით, ხელები, როგორც წესი, უკან გვაქვს დალაგებული. გვარებს კითხულობენ. ჩემამდე მოვიდნენ:

– ცოცანიძე ერეკლე მერაბის ძე. მუხლი 210-ის მეორე ნაწილი… თაღლითი ხარ, ბიჭო?

– არა, გამყალბებელი! – გამეცინა.

– ხოხ, ნამეტანი საცინლად გაქვს საქმე მე და ჩემმა ღმერთმა.

აღარ მიპასუხია. შემოვედით, ოფიცერი შემოგვყვა.

– ახლა კარგად მომისმინეთ: ზედმეტი ლაპარაკი არ გავიგო, დაშალეთ ეს ხატების კუთხე, ყველამ თავის “ტუმბუჩკაში” შეინახეთ ხატი და იქ ილოცეთ, ეს საეკლესიო ჟურნალები კი, რაც უკვე წაკითხული გაქვთ, გამოიტანეთ და “რაბოჩის” მიეცით, წაიღებს ბიბლიოთეკაში და სხვებიც წაიკითხავენ.

სახტად დავრჩით, ასეთი რამ არავის უთქვამს. ჩვენ ჩვენს თაროებზე საცვლები და “ნასკები” გვილაგია – იქ ხატებს ვერ დავდებთ. გადავწყვიტეთ, სულ ავიღოთ და ხატების გარეშე ვილოცოთ.

 

26 ივნისი, 2011 წელი

ადვოკატთან დამიძახეს ისე, რომ არ ველოდი. გული გადამიქანდა. ვიფიქრე, სალში რამე მოხდა-მეთქი. ღმერთს მადლობა, მშვიდობაა. დედაჩემს ვერ მოუსვენია და წამოვიდნენ, თან ტანსაცმელი შემოუგზავნია. მადლობა დავაბარე ადვოკატს. არ მტოვებენ. ვიცი, ახლა არ აქვთ იმის თავი, წარამარა იარონ, თან ყოველ კვირა თანხა მირიცხონ. საპროცესოზეც არ ვიცი, რა იქნება, ადვოკატმა მითხრა, 6 ათასს ვთავაზობთო. ფიქრობენ, თურმე. საქმე იმაშია, რა აქვთ ზემოდან ნაბრძანები, თორემ თვითონ ვერაფერს გადაწყვეტენ, ადგილზე. წესიერი პროკურორი გყავსო, ირმამ. ვკითხე და ჩემი დაკავების კადრები ჯერ არ უნახავს. არ მჯერა მაგათი წესიერების. ერთი სისხლი აქვს ყველას.

საკანში დავბრუნდი. ტანსაცმელთან ერთად მიხოს, დედაჩემისა და ჩემი დის სურათები დამხვდა. კაცური ცრემლი მომერია. საშინლად მენატრება ყველა. ერთი სურათია პატრიარქთან გადაღებული – მიხო როგორი გაკვირვებით შეჰყურებს ჭაღარა მოხუცს. პატრიარქის თვალებიდან უზომო სითბო და სიყვარული იღვრება. უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი, ბევრჯერ გადაარჩინა ერი. ჩემი სიზმარი გამახსენდა, იგივე სითბო და სიყვარული ვიგრძენი მაშინ.

აკო ცუდად გახდა, გაითიშა, ვერ ვასულიერებთ. ექიმი, როგორც წესი, იგვიანებს. მოვიდა, პირში გლუკოზა ჩაასხა, ცოტა მოიხედა, მაგრამ ვერ მოძრაობს. ამოვიდა უსაფრთხოების სამსახური, “რაბოჩები” ამოიყვანეს და კაკო საკაცით წაიყვანეს. ისე, ამხელა კაცს აწევა არ უნდა? ფანჯრიდან გავიხედეთ და დავინახეთ, როგორ წაიყვანეს კაკო „რეზბალნიცისკენ“. ეს ისეა, არ მგონია, რვა წელი ამ პირობებში გაძლოს.

ოთხშაბათია. სავარაუდოდ, პარასკევამდე 5 კაცს მოგვიწევს ყოფნა საკანში, რაღაც მოჭოტაც ვერაა კარგად.

საღამოა. “პრავერკაზე” ოფიცერს უთხრა, ცუდად ვარო. ნახევარ საათში ექიმი მოუყვანეს. აშინებთ დიპკორპუსი, ეტყობა. რომ უნდა გაეყვანათ, ინგლისური ვინ იცისო. აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგად მე ვიცოდი და გამაყოლეს. მუცელი მტკივაო, მოჭოტამ, კუჭში ვარ შეკრულიო. ექიმმა სიცხის საზომი მიაწოდა. სანამ რამე ვუთხარი, ინდოელმა გააქანა და პირში იტაკა, გაგვეცინა. მასე არა-მეთქი,  ისეთი თვალებით შემომხედა, რომ სანამ კიდევ უფრო უარესი და ნორმალური ორიენტაციის მამაკაცისთვის არასასიამოვნო მიმართულებით წაიღებდა, მოვასწარი და ვასწავლე თერმომეტრის სწორი დანიშნულება

სხვა არაფერი მომხდარა.

ჩაქრა შუქი და დავწექით. მე რაღაცამ ჩხიკინი დამიწყო სულში, ავდექი და კალამი და რვეული ჩუმად ამოვიღე ჩემი ტუმბოდან, ასოებს ვარაუდით ვხაზავ, მაგრამ მაინც დავწერე:

მაწუხებს ცოდვები,

დამჩემდა ბოდვები,

ცოცხლდება კადრები,

მე მელის ტაძრები.

მხოლოდ სუფთა გულით,

ლოცვით, სინანულით,

მსურს ვიყო უფალთან,

წრფელი სიყვარულით.

მასწავლე, მამაო,

ცოდვა შევინანო,

მხოლოდ სიყვარული,

გულში შევინახო,

მიყვარდეს მოყვასი

და მტერიც მიყვარდეს,

სამშობლოს გულისთვის,

რომ თავსაც ვწირავდე.

აკეთე სიკეთე,

არ გინდა დიდება,

უფალი ხედავს და

სხვა არრა გჭირდება,

გაეცი, შესწირე,

რაც რამ გაბადია,

ასეთი ცხოვრება,

უფრო ლამაზია.

 

27 ივნისი, 2011 წელი

ოფიცერი შეიცვალა, ყველა “კამერა” გააფრთხილა, “ტრაკის” თამაშს არ გაპატიებთო. წარა-მარა იხედება “კამერაში”, რას ეძებს, არ ვიცი…

თელაველი სასამართლოზე ჰყავთ წაყვანილი. ნეტავ, თუ მიუსჯიან ან რამდენს. “პლანი” ჩამიდესო, ამბობს.

რამაზი ხმაურზე გაიყვანეს. ნეტავ, ხომ არ “დააკარცერებენ”? არადა, ხმა არ ამოუღია ზედმეტად. ვლაპარაკობდით, უბრალოდ, ჩუმად და ეგ დაინახა კონტროლიორმა – ახლა უფრო გაამკაცრებენ თვალთვალს. შემოიყვანეს, ალიყური აქვს მიღებული აშკარად.

მამუკა “ნარზე” ზის და ფეხები “ნარის” კიბეზე აქვს შემოლაგებული. კონტროლიორმა შემოიხედა:

– ეეე, შე ყ…ო, რას აგიწევია ეგ შარვალი, კარგი ფეხები გაქვსო, გითხრეს?

ტოტები ჰქონდა აწეული ცოტათი.

– ჩამოიწიე და ნორმალურად დაჯექი, თორემ რასაც ეძებ, არ აგცდება. დედას მო….ვ.

ყველაფერზე მიზეზს ეძებენ, ვცდილობთ, არ მივცეთ ეს მიზეზი, მაგრამ პოულობენ. “რატომ არ გაფარია ყურებიანი ქუდი”-ს პრინციპია ნაღდად, რა. მიზანმიმართული პოლიტიკაა – ცდილობენ, მაქსიმალურად დააშინონ ხალხი. ცდილობენ, სული ამოხადონ ადამიანებს, დამნაშავეს არ აძლევენ სასჯელის ნორმალურად მოხდის საშუალებას. უდანაშაულოც რამდენია. დღე არ გავა, მეზობელი საკნებიდან თუ კორპუსებიდან დარბევის და ღრიალის ხმა არ გავიგოთ. ამბობენ, “კარცერში” უარესები ხდებაო. არ ვიცი, ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ ტყუილად რაში იტყვიან?

დღეს გელას წამოსცდა, მე არ მომწონს, ასე ერთნაირად რომ ვყიდულობთ ყველაფერს. მე ჩემები იმიტომ მირიცხავენ, რომ კარგი სიგარეტი მოვწიო და კარგად ვჭამოო. ორი ყუთი კარაქი გვქონდა ამოტანილი. შევთავაზეთ, ერთი შენ გქონდეს, ერთს კი ჩვენ ვიხმარებთო და დაგვთანხმდა. თავისთვის დაიდგა ერთი ყუთი კარაქი. არადა, მაგის დასაგველს და მოსაწმენდს ჩვენ ვაკეთებდით, ყველანი. პატივს ვცემდით ასაკის გამო და კიდევ იმიტომ, რომ ეპილეპტიკია. ხვალიდან კი მორიგეობაში ჩაჯდება – გამოგვის კიდეც და მოწმენდს კიდეც, რადგან არ ესმის ოჯახური მოპყრობა. ყველას თავისი დღე და რიგი ექნება. რას იზამ, ღირსია. ტელეფონზე რომ დაურეკია სახლში, შვილებს უკითხიათ, ბიჭებს სიგარეტს თუ აწევინებო. ეტყობა, იციან მაგის ხასიათი, თან თვითონვე რომ თქვა?

“სოციალი” მოვიდა. “აღმაშენებელი” მინდა-თქო, ვუთხარი, ესა და ეს ტომები-მეთქი. სად გიპოვო, აქ 5 000 კაცი ზის და რა ვიცი, რომელ “კამერაშიაო” და ვაჟა მოგვაწოდა. მაინც გამიხარდა – ვაჟა ხომ ერთ-ერთი უსაყვარლესია ჩემთვის, სამშობლოს და მიწა-წყალს რა საოცრად გრძნობს.

საავადმყოფოსთან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბალდახინი, კიდევ ერთი პატიმარი წავიდა „სვაბოდაზე“, ღმერთმა ყველას აშოროს მასეთი თავისუფლება.

ნეტავ, წამებით მოკვდა თუ უყურადღებობით?

რადიოში ამბობენ, ერთითაც იხოცებიან და მეორითაცო. თურმე, ყველაზე მძიმე ავადმყოფებსაც კი არ უშვებენ გარეთ, სანამ სული არ ამოუვა. როგორღაც ყველაფერი ეს თავად უნდა ვნახო, მაგრამ როგორ? – ეს ჯერ არ ვიცი.

დაღამდა. შუქი გავთიშეთ.

ვნახოთ, რას მოიტანს ხვალინდელი დღე.

 

28 ივნისი, 2011 წელი

სასამართლომდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა. ერთი კვირის მერე, პირველად დავტოვებ ამ კედლებს. არასოდეს მომისვენია, ერთი თვე კი არა, ერთი საათის განმავლობაში ერთ ადგილას რომ ვყოფილიყავი. რამდენი ერთი გამოვიდა. არაფერს ველოდები პირველი სხდომიდან. უბრალოდ, გაიხსნება და ეგაა ან რაღა აქვთ საძიებელ-საკვლევი, რა, მომცენ რასაც მიპირებენ ან გამიკეთონ საპროცესო, ლოდინი ყველაზე საშინელი რამეა, უსაშინლესი და უსასტიკესი. ელოდები, ელოდები და არ იცი, რა ხდება.

ამ დილით კვლავ ოჯახზე ფიქრი ამეკვიატა. კვლავ ახლობლები და მეგობრები გამახსენდა. გამახსენდა გოგი, რომელმაც პრაქტიკულად, გამზარდა მამის სიკვდილის მერე, ყველაფერი კაცური მასწავლა, რაც უნდა მესწავლა გარდატეხის ასაკში. გვერდში მედგა მართლა საკუთარი მამასავით და ახლაც გვერდში მიდგას, დარწმუნებული ვარ, რითიც შეუძლია.

დღეს “კარანტინს” დაშლიან და ახალი თანასაკნელი გვეყოლება კაკოს მაგივრად. საერთოდ, როცა “კამერაში” ახალი შემოდის, ყველა ეჭვის თვალით უყურებს, ვინ არის და რა არის, შეიძლება, ადმინისტრაციამ სპეციალურად შემოუშვას, თუმცა შემოუშვან რა, რა უნდა ნახონ? დღეს კობამ მითხრა, ვხედავ, ლოცულობ და იქ, თაროზე, ერთი ჯვარია, თუ გინდა, ატარეო, თავად დაუწნავს ძაფისგან. ეს აკრძალულია და არ ვიცი, ვინ გაბედა. “ნასკი” იშლება და იმისგან წნავენ. მე სიამოვნებით გავიკეთე. სახარებას ვკითხულობ ხშირად. ვნანობ, ამდენ ადამიანს რომ ვენდობოდი. დრო და დრო თავს წამოყობს ვანო ნინოშვილი. ეს ნაბოზარი აგენტი, მაკანკალებს მის გახსენებაზე. არ ვიცი, რას ვიზამ, სადმე რომ გადამეყაროს. რა უნდოდა, პური მიჭმევია, ღვინო დამილევინებია, სახლში შემიშვია. სადამდე მიდის ადამიანთა უკუღმართობა! მე იმის მეშინია, ვინმე ჩემიანმა, არაფერი უთხრას. ის ხომ ნებისმიერს გაწირავს. გეხვეწებით ყველას აქედან და იქნებ, მოვიდეს ჩემი ფიქრი თქვენამდე: ახლოს არ გაეკაროთ, არ მინდა, იმ ადამიანებიდან ვინმე, ვინც ძალიან მიყვარს, აქ მოხვდეს, მით უმეტეს, ჩემი გულისთვის. ამას თავს არასოდეს ვაპატიებ. იმედია, ეყოფათ გონიერება და სწორად გაანალიზებენ ნინოშვილ-გოგოჭურის პიროვნებებს.

პარასკევია. კიდევ ერთი სამუშაო კვირა მიილია.

წუხელ, სიზმარში ოფისი ვნახე, ოფისი, სადაც ვმუშაობდი, მაგრამ გარემონტებული და გალამაზებული. ბანერებით და დიდი სათათბირო მაგიდით უკანა ოთახში, როგორც მინდოდა, რომ მომეწყო. ხალხი ირეოდა, საქმიანი ფუსფუსი იდგა.

მაღაზია მოვიდა. ჩვეულებისამებრ, ერთი ახალი საპონი, საპარსი, ახალი ტრუსი და ერთი წყვილი ახალი “ნასკი” დავდეთ იმ თაროზე, რომელსაც სავარაუდოდ, დღეს ახალი პატრონი ეყოლება. სიგარეტიც რვაზე გავყავით.

მოსაღამოვდა.

შუქი ჩაქრა. არ დავწოლილვართ… “კარანტინი” ამოჰყავთ ყვირილით, გინებით, სულში ჩაფურთხებით, როგორც ყოველთვის. კარი გაიღო და მაღალი, გამხდარი მოხუცი შემოვიდა. გარეთ დარჩა კიდევ ვინმე? – გამიელვა. ოფიცერი შემოჰყვა.

– წყნარი ბიჭები არიან და აბა, შენ იცი, ისე, შენ რაღა გესწავლება, ბებერი ნაბოზარი ხარ!

ეს ოფიცერი სულ რაღაც 25-26 წლისაა, შემოსული კი, რომელიც დიტოდ გაგვეცნო, ალბათ, სამოცდაათს მიტანებული იქნება. მეტადონის პროგრამიდან ამომწიესო, მოხუცმა. მომხმარებელია. აქ არის ასეთი “კამერები”, თურმე, სადაც მეტადონის პროგრამაში ჩართული პატიმრები ჰყავთ…

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!