ოთხშაბათი, მარტი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიპროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

საქართველოს პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე გაკეთდა.

,,საქართველოს პროკურატურა ვაკის პარკში მომხდარი უმძიმესი და ტრაგიკული ფაქტის გამო, სამძიმარს უცხადებს მარიტა მეფარიშვილის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.

ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება  წარედგინათ  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონრაქტორი ფირმის – ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი. პირველი: 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2022 წლის 26 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები.

აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.

,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა.

22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.

„გრინ სერვის+”-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

თავის მხრივ, „გრინ სერვის +”-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +”-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული  დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა.  ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.

აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); “გრინსერვისი+“-ის  დირექტორს – 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), “გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს – 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); “ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს – 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით, მეორე ეპიზოდზე  დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს  შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა N2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე.

2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შეასრულა შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება შპს ,,მშენ-ექსპერტთან“ გააფორმა.

,,მშენ-ექსპერტი“-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების  შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.

აღნიშნულის შემდეგ, “მშენ – ექსპერტი”-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მოამზადეს დასკვნის პროექტი და 19 აგვისტოს გადაუგზავნეს  ,,გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს, მივიდა შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს ოფისში და აღნიშნული კომპანიის ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი დაითანხმა,  რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სანაცვლოდ კი დაპირდა, რომ მათ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებდნენ.

25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა შეისწავლეს და დაადგინეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა  საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დოკუმენტი ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.

აღნიშნულ ეპიზოდზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება “გრინსერვისი+“-ის  დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); “გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს – 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს – 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ჩატარებულია ასეულობით  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხული არიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური ტრასოლოგიური, სამშენებლო ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, რომლებმაც პასუხი უნდა გასცეს, შეესაბამებოდა თუ არა შედგენილი პროექტი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიერაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება.

გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც დამატებით გამოიკვეთება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.

პროკურატურა ცხრავე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!