"ვეძებდი ვაკის პარკის ისტორიის მასალებს და ვიპოვე დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ამ პარკში არასდროს დასრულდება..." - წერდა ფეისბუქზე ირაკლი ჟვანია, ვაკის პარკის შადრევნის დამპროექტებელი.
პოსტი მოქანდაკე-მონუმენტალისტმა რამდენიმე წლის წინ დაწერა. სიყვარულის ისტორიის გარდა, იქვე გააჟღერა სურვილი, რომ თუ ოდესმე, შესაძლებლობა მიეცემა, ლიკა ქავჟარაძეს, ანუ მარიტას, ვაკის პარკში დაურგავს ბროწეულების ხეივანს. "ნატვრის ხის" მარიტას 13 ოქტომბერს პატარა მარიტაც მიემატა...
ირაკლი ჟვანია: გავიცანი კაცი, ვინც 1955 წელს დააპროექტა დიდი შადრევანი, ასევე აღმოვაჩინე იმათი ფოტოები, ვინც გააშენა ვაკის პარკი. პარკის არქიტექტორი იყო ქუჩუ დგებუაძე, გამწვანების პროექტის ავტორები, ულამაზესი ქალბატონები - ნელი ციციშვილი და მანანა კობერიძე, დიდი შადრევნის ავტორები კი - ბატონი ნოდარ ჯობაძე და აწ გარდაცვლილი ვახტანგ აბრამიშვილი. სტუმრად სწორედ ბატონ ნოდართან მივედი.
როგორი ჭკვიანი და იუმორით სავსეა, რომ ნახოთ ეს კაცი... პარკზე მიყვებოდა, ჟორა გეგეშიძეზე. რამდენჯერაც დაიწყებდა საუბარს, მანანაზე მოყოლას აგრძელებდა.
ისინი 1955 წელს დაქორწინდნენ, ახალგაზრდები, ნიჭიერები, ლამაზები - ნოდარ ჯობაძე და მანანა კობერიძე.... ნოდარს ვაკის პარკში დიდი შადრევნის პროექტი დაევალა, ულამაზესი მანანა კი ნელისთან ერთად ამ პარკის დენდროლოგიის პროექტს აკეთებდა.
"იცი, როგორი ეშხიანი იყო..." - მეუბნება ბიძა ნოდარი და მხოლოდ თვალებში ეტყობა, როგორ სტკივა მისი მანანა რომ აღარ ჰყავს.