კვირა, დეკემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიახლა არ არის მასობრივი დარტყმების საჭიროება - ვლადიმერ პუტინი

ახლა არ არის მასობრივი დარტყმების საჭიროება – ვლადიმერ პუტინი

frenis kompensaciafrenis kompensacia

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კიევმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. სტამბოლშიც კი მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებებს, ეს შეთანხმებები ფაქტობრივად პარაფირებული იყო. როგორც კი ჯარები გამოვიდნენ კიევიდან, კიევის ხელისუფლებამ მაშინვე დაკარგა მოლაპარაკებების სურვილი. თუ მანამდე მომწიფდებიან, კი ბატონო, ალბათ ყველა ამით დაინტერესებული შუამავლის ძალისხმევა იქნება მოთხოვნილი. ინდოეთი და ჩინეთი ყოველთვის საუბრობენ დიალოგის დამყარების აუცილებლობაზე, ყველაფრის მშვიდობიანად გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ჩვენ ვიცით მათი პოზიცია, ისინი ჩვენი ახლო მოკავშირეები, პარტნიორები არიან და ჩვენ პატივს ვცემთ მათ პოზიციას, მაგრამ ასევე ვიცით კიევის პოზიცია. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ სურთ მოლაპარაკებები, მაგრამ მიიღეს ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელიც ამ მოლაპარაკებებს კრძალავს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ ისწრაფვის უკრაინის მასშტაბური დაბომბვისკენ და არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას. „ახლა არ არის მასობრივი დარტყმების საჭიროება, დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ნატო გაგზავნის საკუთარ ჯარებს უკრაინაში, თუ კიევის მდგომარეობა კატასტროფული იქნება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე ჯარის პირდაპირ კონტაქტში შეყვანა რუსულ ჯართან პირდაპირ შეტაკებაში, არის ძალიან საშიში ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს გლობალური კატასტროფა. ვიმედოვნებ, ვინც ამაზე საუბრობს, ეყოფა გონიერება, რომ არ გადადგას მსგავსი სახიფათო ნაბიჯები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, პუტინმა ნოემბერში ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტსა და აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

პუტინის თქმით, ინდონეზიაში თავისი გამგზავრების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა რუსეთი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. პუტინმა ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს პლატფორმა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გამართვა იქნება შესაძლებელი.

„მას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა მზად, ჩემთან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად. სიმართლე რომ გითხრათ, მე დიდწილად ვერ ვხედავ საჭიროებას. ჯერჯერობით ასეთი მოლაპარაკებებისთვის არანაირი პლატფორმა არ არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ყიდზე აფეთქებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერებები დიდი ალბათობით, ზღვით შეიტანეს.

„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ასაფეთქებელი ნივთიერებები გაგზავნილ იქნა ზღვით ოდესიდან, თუმცა დაზუსტებული არ არის, ეს მარცვლეულის გადამტანი გემით მოხდა თუ – არა. ეს არის კითხვა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის. უღარიბეს ქვეყნებში მარცვლეულის გადასაზიდად განკუთვნილი ჰუმანიტარული დერეფნები ტერორისტული აქტებისთვის თუ გამოიყენება, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ დერეფნების შემდგომ მუშაობას. ჯერჯერობით ასეთი მონაცემები არ გვაქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!