საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს.
„გარდაიცვალა შალვა (ჩარლზ) ჩხოტუა, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლის ოჯახი - იგი აფხაზეთის თავადების შთამომავალი იყო - 1921 წლის ოკუპაციის და ეროვნული კატასტროფის შემდეგ ევროპაში გადასახლდა.
ჩარლზი 1991-1993 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში. იგი დიდი ბრიტანეთის გარდა ესპანეთშიც ცხოვრობდა.
ჩარლზი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლაში, რაც 1991 წელს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი გახლდათ, ხოლო 1992 წლის გადატრიალების შემდეგ მისი მოღვაწეობის მიზანი საერთაშორისო მასშტაბით სიმართლის გავრცელება იყო. მშვიდობით განისვენოს“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.