საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების მედლით – „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახის წევრები.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს თანადგომა აღუთქვა.
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა გარდაცვლილი თანამშრომლების დაჯილდოებისთვის. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს თანადგომისთვის.
„ამ ოპერაციის დროს რვა ადამიანი დაიღუპა – ოთხი მფრინავი, ორი მაშველი და ორი ექიმი, რომლებიც ცდილობდნენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენას. ერთ-ერთი მორიგი ღონისძიება იყო, სამაშველო ოპერაცია იყო, თუმცა, სამწუხაროდ, დიდი უბედურებით დამთავრდა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირები, პროფესიონალები.
მინდა, კიდევ გავიმეორო, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი. დღევანდელი ღონისძიებაც ზუსტად ამის გამოძახილია და მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ, ქალბატონო პრეზიდენტო. ეს არის დიდი დაფასება ყველასთვის, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას სახელით. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის. აგრეთვე, მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გვერდში დგომისთვის, იმ ტკივილის გაზიარებისთვის, მეუფეებს, მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებმა, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათასი ლარი მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით – „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გუშინ დააჯილდოვა.