ქვეყანაში სეზონური ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. კლინიკების ნაწილში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. მიმართვიანობა საავადმყოფოებში მომატებულია. ექიმები ამბობენ, რომ ეს საწყისი ეტაპია და პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც შედარებით მძიმე მიმდინარეობა აქვს, განსაკუთრებით მცირეწლოვნებისთვის.
ამასთან, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ცირკლულირებს რამდენიმე სახის ვირუსი. თუმცა მაია ზალდასტანიშვილი ამბობს იმასაც, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მოიმატებს გრიპის შემთხვევების რაოდენობა.
"ძირითადად ცირკულირებს სამი სახის ვირუსი, ესენია: ერეს ვირუსი, რესპირატორული ვირუსი, არის გრიპის და როტა ვირუსები. აქამდე ჭარბობდა ერეს ვირუსი, მაგრამ უკვე მას დაეწია და დეკემბრის ბოლოსთვის მას გაასწრებს გრიპის ვირუსი, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნოდ მიმდინარეობს, რაც ახასიათებს გრიპს, მაღალი ტემპერატურა და ინტოქსიკაციის მოვლენები. ამიტომ მომართვიანობა გაზრდილია, განსაკუთრებით კი ბავშვთა ასაკში," - აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით კი, კლინიკებში მომართვიანობა არის გაზრდილი, თუმცა ამდროისთვის ჭარბობს "ა" ტიპის ვირუსი, რომლის დადგენაც ე.წ. მარტივი ტესტირებით ხდება.
"ჩვენთან სტაციონარიზაცია ხდება ძირითადად გრიპით. რამდენიმე დღე საყურადღებო მდგომარეობა გრძელდება და ასეთ პაციენტებს ვათავსებთ კლინიკაში. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მარტივი ტესტები, რომლითაც ვარჩევთ "ა" ჯგუფის გრიპი თუ "ბ" ჯგუფის. "ბ" ჯგუფი მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა, დანარჩენი ყველა მოდის "ა" ტიპის გრიპი," - აცხადებს ლია გოლიაძე.