ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ივლისში შეუერთდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას უკვე მთელი ქვეყანა იცნობს. კვარაცხელიას მაისურები, რომელიც ახლა ყველაზე მოთხოვნადია, იტალიაში 140 ევროდ იყიდება.
22 წლის სპორტსმენის წარმატებით მთელი საქართველო ხარობს, განსაკუთრებით ამაყები კი ემიგრანტები არიან. როგორც მათი უმეტესობა ამბობს, კვარას გამოჩენის შემდეგ იქაურების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და ახლა მათ როგორც მეგობრებს, ისე ეპყრობიან.
ლეილა ზუბაშვილი, რომელიც ნაპოლში, პიაცა გარიბალდის მოედანზე ცხოვრობს, უკვე 4 წელია, რაც ემიგრანტია. „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ამ დრომდე საქართველოს შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა. ემიგრანტი რამდენიმე სასიამოვნო შემთხვევას იხსენებს.
ლეილა ზუბაშვილი: ცოტა ხნის წინ კიბეზე ფეხი დამიცდა და მხარი ამომვარდა. ვიარე ექიმთან და 20 თერაპია ჩავიტარე. ის ექიმი გადარეული იყო, იცოდა, რომ ქართველი ვიყავი. იცოდა ხაჭაპური, ხინკალი, მეგრული ყველი, შებოლილი ყველი. როგორც ვიცი, მის ახლობელს ბიზნესი ჰქონდა და ჩასული იყო.
როგორც კი მივედი, იმ წუთშივე მითხრა - კვიჩა კვარაცკელია, შევუსწორე, არა ექიმო, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი. 20-ჯერ მივედი მასთან თერაპიაზე და ყველა საუბარი ამით იწყებოდა. ყველაზე კარგად მე უნდა წარმოვთქვაო, ამბობდა.
ბოლოს, 1 თვე ვიმუშავე, ძალიან ცუდი ბებო შემხვდა და იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. გადასარევი შვილები ჰყავს, ერთი კარაბინიერია, მოვიდა თუ არა, ხვიჩა კვარაცხელიას სურათები მაჩვენა. სტადიონზე მისულებს მას და მის სიძეს მასთან ფოტოები გადაუღიათ.
ერთი 6 ოჯახი მაქვს გამოცვლილი, საქართველოს შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. ჯორჯია რომ ვეუბნებოდით, ყველას ამერიკის შტატი ეგონა. ამერიკელს რა უნდა იტალიაში მომვლელად, ვერ აცნობიერებდნენ.
სტადიონზე, „ლივერპულის“ თამაშზე რომ ვიყავი. დიდი, პატარა, ქალი, კაცი, 77 ნომრით იყო. მეტწილად, ხვიჩას მაისურები იყიდება. ისეთი ამაყი ვარ, ისეთი, თითქოს ჩემი შვილი იყოს. ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს სავიზიტო ბარათია. არავინ იცოდა, ყველას გააცნო ჩვენი ქვეყანა.
ახალი წლის პერიოდში ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი სტუმრად. როცა იქ მყოფმა გაიგო საქართველოდან ვიყავი, მითხრა, რომ სტალინის შესახებ იცოდა, ასევე, იცოდა კახა კალაძე, მაგრამ ახლა ამ ბიჭმა, დიდსა და პატარას თავი შეაყვარა.
ბოლოს „სპეციასთან“ თამაშს გარეთ, დიდ ეკრანზე ვუყურეთ. იტალიელები, ფერადკანიანები, ყველა იქ იყო თავმოყრილი. ჩვენ რომ ვგულშემატკივრობდით, მოგვიბრუნდნენ და გვკითხეს, ქართველები ვიყავით თუ არა. უკვე იციან, სადაც უნდა ვიყოთ.
ერთხელ სამსახურში მივდიოდი, ქობულეთელი ქალი დამემგზავრა, ბილეთების რიგში ვიდექით და იქიდან 2 ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მეტროს წინ ბილეთებს ყიდდა, გვიცქერდნენ. სანამ ადგილზე მივიდოდით, სალაროდან მეძახის - „არა მაქ“. მეცინებოდა. რომ მივუახლოვდით, ერთი ბილეთს ამზადებდა, მეორე კვარაცხელიას ფოტოს ეძებდა, რომ ეჩვენებინა. გვითხრა „მოდი, მოდი“, ქართულსაც სწავლობენ. სახელი და გვარი მათაც გაგვამეორებინეს, უჭირთ წარმოთქმა.
- რას ნიშნავს თქვენთვის ხვიჩა კვარაცხელია?
- ეს ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის ძალიან დიდი ძალა და შემართებაა. 40 წლის ფეხბურთის დიდი ქომაგი ვიყავი, ამ ბავშვმა ისევ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და წარსულში დამაბრუნა.
ბოლო თამაშზე, დაწყებამდე 10 წუთით ადრე, ქართველების სტადიონისკენ მიიჩქაროდნენ, ერთ-ერთი ქალი გაჩერდა, ფოტოები გადაგვიღო, ჩვენ დროშები გვეჭირა ხელში, თუ არ ვცდები, ეს დედამისი იყო. შემდეგ ფოტოები რომ ვნახე, ძალიან მივამსგავსე. - გვიყვება ემიგრანტი.