თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დაინერგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
კალაძის თქმით, მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რომ ზედმიწევნით შესრულდეს თორმეტივე პუნქტი და საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.
„დღეს მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა, რაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რათა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, კიდევ უფრო მჭიდროდ დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია. ასევე, დათქმებთან დაკავშირებითაც გაკეთდა დღეს განცხადებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თორმეტივე პუნქტი ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რათა რაც შეიძლება მალე, ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს “, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგოს.
კობახიძის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.