Tuesday, September 27, 2022
spot_img
Home„საყდრისის კომიტეტი“ განცხადებას ავრცელებს

„საყდრისის კომიტეტი“ განცხადებას ავრცელებს

spot_imgspot_img

მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის („საყდრისის კომიტეტი“) განცხადებას ავრცელებს. 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოფელ მუშევანში მიმდინარე პროცესებს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ეპიზოდურად გრძელდება და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტოთ შემდეგი: „საყდრისის კომიტეტი“ 8 წელზე მეტია, აქტიურადაა ჩართული სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“ გარემოსდაცვითი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, 2021 წ. დეკემბრიდან თვალს ადევნებს RMG Cooper-ის ახალი პროექტის – „მუშევანი 2-ის“ (ოქრო-სპილენძის საბადო) მოსამზადებელ პროცესს.

2022 წ. იანვარში, პროექტის სკოპინგზე, „საყდრისის კომიტეტმა“ პირველმა გააპროტესტა მოსახლეობის არაინფორმირებულობა მოსალოდნელი რისკების შესახებ, რასაც მაშინ მთელმა სოფელმა დაუჭირა მხარი. (იხილეთ სიუჟეტი https://youtu.be/SKFR8GjKoIs ) შეხვედრის შემდეგ, „საყდრისის კომიტეტმა“ შესაბამისი რეაგირებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა.

სამინისტრომ, სამართლიანად მიიჩნია რა აქტივისტების მოთხოვნები, კომპანიას მისცა რეკომენდაცია, პროექტთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე თემით დაინტერესებულ სხვა ჯგუფებთან.

2022 წ. ივლისში „საყდრისის კომიტეტის“ წევრები დაესწრნენ „მუშევანი 2-ის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (გზშ) განხილვას. სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო, გაგვეგო ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია, შესაბამისად, შეხვედრაზე, რომელსაც დაახლოებით 200-მდე მოსახლე ესწრებოდა, არაერთხელ მოვითხოვეთ მათი პოზიციის ღიად დაფიქსირება პროექტთან დაკავშირებით. პარალელურად, კომპანიასთან გვქონდა გარკვეული კითხვები და  მოთხოვნები, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტყის გაჩეხვისა და ნიადაგისა და წყლის კვლევის საკითხებზე, რომელთა შესრულებასაც დღემდე აქტიურად ვითხოვთ. შეხვედრის დასასრულს ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ „მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების სანაცვლოდ მხარს დაუჭერდნენ სამთო სამუშაოების დაწყებას.“ (იხილეთ სიუჟეტი https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02FcGLNZBFtvCKNyM6MBe8mW9CKtvteCvYfTwpizAbXUSYbnJ8sPNdSi2UwCnKPrCVl&id=10391 7761863711) უნდა აღინიშნოს, რომ  შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მოსახლის ინიციატივით შედგა საუბარი „საყდრისის კომიტეტის“ წევრებთან, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ისინი აპროტესტებდნენ „მუშევანი 2-ის“ პროექტს, თუმცა, ეს შეხვედრაზე მხოლოდ ერთმა მათგანმა დააფიქსირა.

„საყდრისის კომიტეტი“ მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილის, ვინც სოფლის სიახლოვეს სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას ეწინააღმდეგება, გამოხატვის თავისუფლება სრულად იყოს დაცული. ასევე, კიდევ ერთხელ, უკვე საჯაროდ, მოუწოდებს კომპანია „არემჯის“, დამატებითი განმარტებები გააკეთოს პროექტის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობაში ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. „საყდრისის კომიტეტი“ ყურადღებით აკვირდება „მუშევანი 2-ის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს და გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ კომპანია „არემჯის“ მიერ არც ერთი გარემოსდაცვითი დარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში. 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge