მცხეთის რაიონულ სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილისა და კიდევ 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა ხდება.
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული დავით ხარჭიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მედიაში ვრცელდება მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მოკლული ახალგაზრდა მისი მეგობარი იყო და მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
“მირიანი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იყო, ძალიან მძიმედ გადამაქვს მისი ჩემ გვერდით არყოფნა, ხულიგნობის ბრალდებაში მე დამნაშავედ არ ვგრძნობ თავს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ჩემ ძმაკაცს ყურადღება რომ დავაკელი და სიკვდილმა ხელიდან წამართვა”,- განაცხადა ხარჭიაშვილმა.
კიდევ ერთი დაკავებულის, ოთარ კვირაიას განცხადებით, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია მისი მძიმე მდგომარეობით იყო გამოწვეული.
„მირიანი ჩემი ნათესავი, ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, მასზე ახლო ცხოვრებაში არავინ დამიკარგავს, ჩემი არასწორი ჩვენებაც იმით იყო გამოწვეული, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მირიანი ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრების ნაწილია”,- განაცხადა კვირაიამ.
თავს დამნაშავედ არ გრძნობს კიდევ ერთი ბრალდებული, ირაკლი ასლანაძე.
„მე თავს ხულიგნობაში დამნაშავედ არ ვცნობ, ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ და არა მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, რომ სიტუაციის განეიტრალება ვერ მოვახერხე და უფრო დაკვირვებული რომ ვყოფილიყავი, ჩემი ბავშვობის მეგობარი არ გარდაიცვლებოდა”,- განაცხადა ასლანაძემ.
შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.