ოთხშაბათი, მარტი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისკანდალური საქმე ბავშვის წამებაზე - "ძია მიშველე"

სკანდალური საქმე ბავშვის წამებაზე – “ძია მიშველე”

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ლევან ჯავახიშვილი

2016 წელს, სამხედრო ბაზაზე, ოფიცრისა და ჯარისკაცების მიერ ბავშვთა წამების ფაქტები პირველად „ალიასთან“ ინტერვიუში გაასაჯაროვა უფროსმა ლეიტენანტმა, დავით ნემსაძემ. მას შემდეგ, დავით ნემსაძესთან უამრავი ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ ამ შემზარავი ამბის შესახებ, პირდადაც დამიწერია წერილები ამ ამბის შესახებ. თუმცა, ამ სასტიკი, გაუგონარი დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას,საშველი არ დაადგა. ფაქტიურად, ამ ბავშვების გამო, დავით ნემსაძე საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში, რადგან აქ დაჭერას უპირებდნენ (თუმცა, ნემსაძე თავდაცვის სამინისტროში არსებულ სხვა უკანონობასაც ამხელდა). ცოტა ხნის წინ, დავით ნემსაძეს საფრანგეთის ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, რითაც დადასტურდა, რომ მას მთელი სისტემა დაუპირისპირდა და პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა სამშობლოში. ამ დევნის დასაწყისი კი მის მიერ, ბავშვთა წამებაში დამნაშავე პირთა სამართლებრივი გზით დასჯის მცდელობა იყო, რასაც ვერ მიაღწია.

ერთი წელი ხდება, რაც საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა ბავშვთა წამების ერთადერთი მოწმე, ლევან კობაიძე. დღემდე, 6 წელზე მეტია, ლევან კობაიძეს არც ერთი მედიასაშუალებისთვის არ მოუცია ინტერვიუ მომხდარზე. „ალია“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ბავშვთა წამების საქმის „ოქროს მოწმის“ ინტერვიუს იმ ვანდალიზმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით ნახა.

– ლევან, დეტალურად მომიყევი სამხედრო ბაზაზე ბავშვთა წამების შესახებ.

– ეს საშინელი ამბავი, 2016 წლის 16 მაისს მოხდა. ამ დროს ვმსახურობდი მოსკოვის გამზირზე მდებარე სატანკო-სარემონტო ქარხნის ბაზაზე, ყარაულის სამსახურის ოცმეთაურად. ბაზაზე  ორი ქვედანაყოფი იყო და მათ შორის ერთი კილომეტრი იყო დაშორება. მე გადავედი შტაბში, რომ  შტაბის  მეთაური, კაპიტანი ილია ლუტიძე მენახა. ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ ჯარისკაცს შვებულებაში უნდოდა გასვლა და ხელი მინდოდა მისი პატაკისთვის მოეწერა. მორიგემ მითხრა, მეთაური  გასულია და მალე დაბრუნდებაო. უკაცრავად და, გადავწყვიტე ამასობაში საპირფარეშოთი მესარგებლა, რომელიც საყარაულოში მდებარეობდა. ავედი საყარაულოში, ვხედავ საყარაულოს შემოღობილში ქუჩიდან გადმოუყვანიათ ბავშვები, მოსაწევ ოთახში იყვნენ ეს ბავშვები, სულ სველები, რადგან თურმე ხანძარსაწინააღდეგო კასრში აყურყუმელვეს. ყარაულის უფროსის, ნიკოლოზ ქველაძის ბრძანებით გადმოიყვანეს წვევამდელმა ჯარისკაცებმა.

– რამდენი ჯარისკაცი დაგხვდა?

– 6 ჯარისკაცი იყო. დავაკონკრეტებ. 2 სველი ბავშვი  უკვე ეზოში იყო ჩასული. ერთი მოსაწევ ოთახში.  იმ დროს, ქველაძე ოთახში იყო. ვუთხარი ჯარისკაცებს, ვინ გადმოიყვანა ბავშვები-მეთქი. მითხრეს, ქველაძის ბრძანებით გადმოვიყვანეთო. 7-8 წლის ბავშვები იყვნენ, მოტყუებით გადმოიყვანეს, ტანკებში ჩაგსვამთო, უთხრეს. ბავშვს მეტი რაღა უნდა? ამ ასაკის ბიჭები ოცნებობენ ტანკში ჩაჯდომაზე. ოთახში შევედი და ერთ ბავშვს აწამებდნენ. ეს უკვე ხდება ე. წ. ფხიზელი ცვლის ოთახში. ორი ჯარისკაცი იყო ოთახში,ზურა გიგლემიანი და მეხმა კასუმოვი და მათ ხელით ეჭირათ ეს ბავშვი, თან ავტომატი მხარზე ჰქონდა ორივეს გადაკიდებული. ეს 7 წლის ბავშვი, გ.ა. ხელში უჭირავს ორივეს, გაკავებული ჰყავთ. ეს ქველაძე ამ ბავშვებს წინ უდგას, სახეში ხელებს ურტყამს, ყურებს ხელით უმტვრევს, რომ ატკინოს. ჯერ რამხელა ნაძირალა უნდა იყო, რომ ამხელა კაცმა, შეიარაღებული ძალები კაპიტანმა 7 წლის ბავშვი სცემო და თან ორ ჯარისკაცს დააჭერინო, რომ თავი ვერ დაიცვას, სახეზე ხელიც ვერ აიფაროს, როდესაც ურტყამდა. გავგიჟდი ეს რომ დავინახე. ვუთხარი, ახლავე გაუშვით, ამას რას აკეთებთ-მეთქი? ქველაძემ მიპასუხა, ამ ბავშვებმა გამაბრაზეს, მაგინეს და ღირსები არიან, ჩემი საქმეა რასაც ვაკეთებო. მეორედ გავუმეორე, სადისტები ხართ, ამას რას კეთებთ, გაუშვით სასწრაფოდ ბავშვები-მეთქი. იქვე დავაყოლე, ეს ამბავი ვინმემ რომ გაიგოს, დიდი ამბავი ატყდება-მეთქი. აქ უკვე სიტყვიერი შელაპარაკება მომივიდა ქველაძესთან. ამ ლაპარაკში გ.ა.-ს თავი დაანება ქველაძემ და წავიდა ღუმელისკენ. შეშის ღუმელი იყო და შიგნით ნახშირი და ნაცარი. ქველაძემ გამოიღო ნახშირი და სახეზე და მკერდზე  წაუსვა ამ ბავშვს, „მაიკა“ აუწია და ისე. საპირფარეშოდან ვიდრე გამოვალ, ეს ბავშვი გაუშვით-მეთქი, დავუბარე. საპირფარეშოდან გამოვედი და ამ ბავშვის განწირული ხმა მესმის, თან მე მეძახის, ძია, მიშველეო. გვერდზე, საშრობ ოთახში შეუყვანიათ, სადაც გამათბობლებია, სველ საწვიმრები და ფორმა რომ უსველდებათ ყარაულში ჯარისკაცებს და ოფიცრებს, იქ აშრობდნენ.  ამ კასუმოვსა და გიგლემიანს ეს ბავშვი ზურგზე ჰყავთ წამოწოლილი, ხელით იჭერენ და ქველაძე გამათბობელის ჩამრთველ-გამომრთველს ათამაშებს, ბავშვს აშინებს, აი, ახლა დენი და დაგარტყამსო. ეს რომ დავინახე, ძალინ გავმწარდი. ბავშვს ფერი არ ედო, გათეთრებული ჰქონდა სახე. ამ მომენტში გამოვტაცე ბავშვი ამ მწამებლებს, ავიფარე წინ და ისე გავიყვანე გარეთ, ეზოში.

– კასუმოვი და გიგლემიანი თუ მონაწილეობდნენ უშუალოდ წამებაში?

– ნიკოლოზ ქველაძე აწამებდა ბავშვს, კასუმოვს და გიგლემიანს ხელით ეჭირათ, რომ ქველაძეს კარგად ეწამებინა, ბავშვს ხელი არ შეეშალა, თავი ვერ დაეცვა. ორივენი დანაშაულის, წამების თანამონაწილენი გამოდიან. დანაშული არათუ აღკვეთეს, რაც მათი მოვალეობა იყო, მეთაურის უკანონო სიტყვიერ ბრძანებებს ასრულებდნენ. წარმოიდგინეთ ოფიცრები, ჯარისკაცები, რომლებიც რომლებიც ბავშვებს თავის დამცველებად ეგულებათ, რაინდებად, გმირებად წარმოუდგენიათ, მათ აწამებდნენ. ვინ იცის, იქნებ ეს ბავშვები ჯარისკაცობასა და ოფიცრობაზე, ზოგადად, მებრძოლობასა და სამხედრო ფორმაზე ოცნებობდნენ. მარტო 7 წლის გ.ა. არ აწამეს. ის ორი ბავშვიც, გ.ა.-სთან ერთად, კასრში აყურყუმელავეს. იქნებ რომელიმეს სასუნთქი გზების, ფილტვების დაავადება ჰქონდა, ვერ ამოესუნთქათ და ხომ შეიძლებოდა შემოჰკვდომოდათ? გ.ა.-ს რომ ამ ჩამრთველ-გამომრთველით აშინებდა ქველაძე, დენი დაგარტყამსო, ბავშვს ხომ შეიძლებოდა შიშისგან გული გასკდომოდა? ჯერ კაცმა არ იცის, ამ სტრესმა რა დაუტოვა ბავშვებს. შესაძლოა, რომელიმე მათგანს ჩამოუყალიბა რაიმე სახის მძიმე დაავადება, რომელიც მომავალში იჩენს თავს.

– რატომ გადაიყვანეს ბავშვები სამხედრო ბაზაზე და რატომ აწამეს?

– წინა დღეს, ამ ბავშვებს ნიკოლოზ ქველაძემ „ბულკების“ გული გამოუღო, შიგ მდოგვი ჩაუსხა და გადააწოდა ბაზიდან. ბავშვებმა ჭამეს ეს  მდოგვიანი „ბულკები“. რა დღეში ჩავარდებოდნენ, კი მიხვდები. ჩემი აზრით, ესეც ბავშვების წამებაა. ამის გამო, მეორე დღეს ეს ბავშვები აძვრნენ ბაზის ღობეზე და აგინეს ქველაძეს. მერე, დაუყვავეს ბავშვებს ჯარისკაცებმა, დაარწმუნეს, რომ არაფერს დაუშვებდნენ, ტანკში ჩასმას შეპირდნენ და გადაიყვანეს ბაზაზე. ეს მოხდა ქველაძის ბრძანებით. მერე კი სამივენი აწამეს. გამოდის, ნიკოლოზ ქველაძემ. ამ სადისტმა, გინების გამო შური იძია 7-8 წლის ბავშვებზე. არადა, ის გინებაც დაიმსახურა.

– ვის უთხარი ამ ამბის შესახებ?

– ბაზის მეთაურს, პოლკოვნიკ ილია ლუტიძეს ვუთხარი, მეგონა რეაგირებას მოახდენდა. ლუტიძემ მითხრა, არ გაიტანოთ გარეთ ეს ამბავი, არ გააზვიადოთო. თუმცა, ამ საქმის დაფარვა ვერ მოახერხეს. ჩემთან, იმავე ბაზაზე მსახურობდა უფროსი ლეიტენანტი დავით ნემსაძე. ისიც ყარაულის ოცმეთაური იყო.ვმეგობრობდით, წარსულში ორივენი უსამართლოდ ვიყავით ჯარიდან გამოგდებულები და ამანაც განაპირობა ჩვენი დაახლოება. დათომ ჯარისკაცებისგან გაიგო ბავშვთა წამების შესახებ. გაიგო, რომ მე ვიყავი ამის თვითმხილველი და მე აღკვეთე დანაშული. მკითხა დათომ, მართლა მოხდა ასეთი ამბავიო? დავუდასტურე და რაც ვნახე, დეტალურად მოვუყევი. დათომ სამხედრო პოლიციას და თავდაცვის სამინისტროს გენინპექციას მიმართა ოფიციალურად,წერილობით და მოითხოვა ამ საქმეზე გამოძიების დაწყება. გენინსპექციამ და სამხედრო პოლიციამ ჩვენება ჩამომართვეს, ორივეს დეტალურად მოვუყევი ყველაფერი. ცხადია, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ხელი დააფარეს დამნაშავეებს და მე და დათო ნემსაძეს გადაგვემტერნენ. ჩვენი გაგდება უნდოდათ ჯარიდან. მთავარი მიზეზი ის იყო, დამნაშავეები, რომ დაესაჯათ, თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის იმიჯი შეილახებოდა. დათო ნემსაძემ ის ნაწამები ბავშვი, გ.ა. მოძებნა, ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ბავშვმა აღიარა ყველაფერი, რაც გითხარით. ბოლოს, სამხედრო პოლიციამ ისიც მოახერხა,რომ ბავშვის დედა გააჩუმა. ამბობენ, რომ მას ფული გადაუხადეს. გ.ა.-მ ჩემთან ერთად იყო, როდესაც იცნო ის ადამიანი, ვინც მათთან სახლში იყო და დედამისს ელაპარაკა. ეს გახლავთ ჩვენს ბაზაზე სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი, კაპიტანი ნუკრი დარსალია. ეს მოხდა ამ ამბიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ. მერე მე დამიბარა ბაზის შტაბის უფროსმა, მაიორმა ირაკლი შეიშმელაშვილმა და მითხრა, შენი და ნემსაძის გამო, რომ გამიშვან ჯარიდან, არც ერთს ცოცხალს არ დაგტოვებთო. ილია ლუტიძემ ღამის 10 საათზე დამირეკა, დამიბარა ბაზაზე. ლამის მუხლებში ჩამივარდა ეს პოლკოვნიკი კაცი ლეიტენანტს, ოღონდ ბავშვების თემაზე ჩვენებები შეცვალე, რომ შენ არაფერი დაგინახავსო. უარი ვუთხარი ჩვენებების შეცვლაზე და ცოტა ხანში, პროკურატურას მივეცი იგივე ჩვენება. პროკურატურაშიც დათო ნემსაძემ მოითხოვა გამოძიების დაწყება. პროკურატურის გამომძიებელმა, ლევან ზაალიშვილმა სამჯერ დამკითხა და ყველა ჩვენებაში ერთი და იგივე დავაფიქსირე. მერე საქმის გამომძიებელი შეიცვალა, ზაალიშვილი შეცვალა ანა ქობალიამ და მასაც მივეცი იგივე ჩვენება. განმარტავ, რომ ამ დროისთვის დათო ნემსაძე უკვე წამოსულია ჯარიდან. აიძულეს წამოსვლა. ამ დროს დათოს შექმნილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს არმიის კონტროლის სამოქალაქო“ ჯგუფი და ამ არასამთავრობოს მეშვეობით ამხელდა დანაშაულებებს შეიარაღებულ ძალებში და იბრძოდა, რომ ბავშვთა წამების საქმის გამოძიება ბოლომდე მიეყვანა. აქვე ვიტყვი, რომ ჩემზე გამოძიება სხვა და სხვა ეტაპზე ზეწოლას ანხორციელებდნენ ვიცე-პოლკოვნიკი ამირან კიკნაძე, რომელიც სამხედრო პოლიციიდან ჩვენს ბაზაზე ორი თვით მოავლინეს ჩემს გასაჩუმებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დააბრუნეს. ბაზის იურისტი, მაიორი იოსებ ბახტურიძე, გენინსპექციის უფროსი იმერლიშვილი, გენინსპექციის თანამშრომლები ედუარდ დემეტრაშვილი და ილია სუხიაშვილი. თავდაცვის სამინისტროს, ასევე, აქვს გენისპექტირების სამსახური. ზეწოლით, მუქარით, შანტაჟით არაფერი გამოუვიდათ და ბოლოს იქ დამიბარეს. პირდაპირ მითხრა ამ უწყების თანამშრომელმა გიორგი ტაკაშვილმა, რომ შეცვალე ჩვენება, გერმანიაში 6-თვიან კურსებზე გაგიშვებთ, მერე კი კარიერის აწყობაში დაგეხმარებითო. ცხადია, უარი ვუთხარი და არსად ჩვენება არ შემიცვლია. ამ საქმის გამო მოგვიწია მე და დათო ნემსაძეს ემიგრაციაში, საფრანგეთში წამოსვლა, რადგან არა მარტო ორივეს, ჩვენს ოჯახებსაც საფრთხე დაემუქრა. მთელი სისტემა დაგვიპირისპირდა. დათოს პროვოკაციები მოუწყეს, მისი დაჭერა და ამ გზით გაჩუმება უნდოდათ. მერე მეც მითხრა რამდენიმე სანდო და ინფორმირებულმა ადამიანმა, ან გაასწარი აქედან, ან დაგიჭერენო. დათო ნემსაძემ რამდენი გადაიტანა, ამის შესახებ შენ ბევრი დაგიწერია და ეს ქვეყანამ იცის.

– ვინ მონაწილეობდა ან საქმის ჩაფარცხვაში? ვინ აფარებდა ხელს ნიკოლოზ ქველაძეს და ვინ უფრთხილდებოდა მინისტრის იმიჯს?

– ყველა, ვისაც ამ ფაქტის შესახებ ოფიციალურად მისწერა დათო ნემსაძემ და რეაგირება არ ჰქონდათ. თავად თინა ხიდაშელი, მისი შემცვლელი ლევან იზორია, მინისტრის მოადგილეები – ანა დოლიძე და ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსები – ვახტანგ კაპანაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის მრჩეველია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ეს კიდევ არ არის სრული სია იმ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა, რომლთაც თავიანთი წილი შეიტანეს, რომ დამნაშავენი არ დასჯილიყვნენ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!