„ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო“, – პოლიციელი ირაკლი ჯორბენაძე მოსამართლეს მოუყვა, რა უთხრა ბრალდებულმა კაცმა, როცა ძალადობის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები.
დისკრიმინაციული მოტივით, კონკრეტულად კი, გარეგნობის და სქესის გამო, ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა თემურ შ.-ს ედავება.
ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან. გამოძიების ვერსიით, კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა.
გოგოების თქმით, მათ კაცი გარეგნობის – პირსინგის, ტატუებისა და თმის ფერის გამო დაესხა თავს. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს უთხრეს, რომ დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვენ.
ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.
საინტერესო ამ საქმეში ისაა, რომ ბრალდებული კაცი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა მოსამართლე კოტე ჭილაიამ, ამჯერად კი, იგი წინასწარ პატიმრობაშია – აღკვეთი ღონისძიება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა.
„რატომ უნდა იყვნენ ასეთ ფერებშიო, იმავეს ამბობდა, როცა მის დასაკავებლად მივედით“, – თქვა გამომძიებელმა.
„გოგონები როგორ გამოიყურებოდნენ?“ – იკითხა პროკურორმა ანა როყვამ.
„ტატუებში იყვნენ“, – თქვა გამომძიებელმა ირაკლი ჯორბენაძემ.
გამომძიებელმა მოსამართლეს ასევე დაუდასტურეს, რომ გოგოებს ემჩნეოდათ, არასრულწლოვნები რომ იყვნენ.
ერთ-ერთ გამომძიებელს ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ ჰკითხა, ხომ არ იყო ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. გამომძიებლის თქმით, კაცს ალკოჰოლის სუნი არ ჰქონდა და არც ალკოჰოლის მოხმარებაზე შეუმოწმებიათ.
მოწმეების გამოკითხვა ამ საქმეზე უკვე დასრულდა, თუმცა დასკვნითი სიტყვის თქმის ეტაპი მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გადადო.
„პროკურატურისთვის ვაპირებთ მიმართვას საპროცესოზე“, – აღნიშნა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.
იმავე ბრალდებულს გამოძიება ასევე ედავება ძაღლის ქურდობას. ამ საქმეში დაზარალებული ქალი ჰყვება, რომ ძვირადღირებული ძაღლი ერთ-ერთ მარკეტში დაკარგა. ვიდეოკამერის ჩანაწერებით კი, ძაღლი იმ კაცს მიჰყავს, რომელსაც ახლა მოზარდებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თეიმურაზ შაინიძეს ქუჩაში 16 წლის გოგოებზე გარეგნობის გამო ფიზიკური ძალადობისთვის.
ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა – ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა.
„ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო“, – ეს პოლიციელის ჩვენებაა, რომელიც იმ დღეს შემთხვევის ადგილზე მივიდა.
მოსამართლეს ჩვენება მისცეს არასრულწლოვნებმაც. გოგოების თქმით, მათ კაცი გარეგნობის – პირსინგის, ტატუებისა და თმის ფერის გამო დაესხა თავს. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა თქვეს ასევე, რომ დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვენ.
პროკურატურამ კაცს ბრალი დისკრიმინაციული მოტივით, ფიზიკური ძალადობის მუხლით წარუდგინა.
თეიმურაზ შაინიძეს ედავებიან ძაღლის ქურდობასაც, თუმცა ამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ამ საქმეში დაზარალებულად მიჩნეული ქალის თქმით, ძვირადღირებული ძაღლი ერთ-ერთ მარკეტში დაკარგა. ვიდეოკამერის ჩანაწერებით კი, ძაღლი იმ კაცს მიჰყავს, რომელიც უკვე ციხეში გაუშვეს.