მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდაიცვალა წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი. არსებული ინფორმაციით, მორჩილი ავარიას ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ავტომობილი, რომელშიც მორჩილი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“ღვთივ მიისვენა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრმა მორჩილმა ნიკოლოზმა (ავალიანი).
მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ეპარქიას.
უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი სული. გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული, მორჩილი ნიკოლოზი” – წერია ინფორმაციაში.