დარწმუნებული ვარ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი მომავალში ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარების, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში, 6 სექტემბერს გამართულ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული სხდომა მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან ძლიერი იმპულსია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისთვის.
ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მხრიდან გაკეთდა მოწოდება, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას ყველა პარტიის ჩართულობით.
„როგორც შეხვედრის დროს, ისე პრესკონფერენციაზე ძალიან ნათლად და გასაგებად გაკეთდა მოწოდება, რომ ინკლუზიურობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები, აუცილებლად უნდა მოხდეს ყველას ჩართულობით. ეს უნდა იყოს ერთიანი, ეროვნული პროცესი”, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი რაც შეიძლება მალე გახდება ინკლუზიური, რათა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველომ ხელშესახებ შედეგს მიაღწიოს.
“როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთდა ძალიან გასაგები გზავნილი, ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნა 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოწოდებების გარდა, ბრიუსელიდან გაკეთებული მოწოდებაც იქნება სწორად აღქმული, შეფასებული და ეს პროცესი გახდება ინკლუზიური, რაც შეიძლება მალე, რათა ჩვენ შევძლოთ ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში კონკრეტული ხელშესახები შედეგები დავდოთ“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
2022 წლის 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.