პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„კრიმინალური გენერლების“ ხუთეული - ქართული მაფიის ლიდერები საზღვარგარეთ

„კრიმინალური გენერლების“ ხუთეული – ქართული მაფიის ლიდერები საზღვარგარეთ

aviabiletebiaviabiletebi

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან „კანონიერი ქურდების“ რაოდენობით საქართველო ლიდერობს (56 პროცენტი), თუმცა სხვადასხვა დროს გავლენები ხელიდან ხელში გადადიოდა.

გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ აქვეყნებს „კანონიერი ქურდების“ რეიტინგს, მათი ამჟამინდელი გავლენების, წარსული გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივისა და პრესის დაინტერესების გათვალისწინებით.

ამ მონაცემებით ირკვევა, რომ ათი ყველაზე რეიტინგული „კანონიერი ქურდიდან“ შვიდი საქართველოდან არის. „პრაიმტაიმი“ ორიოდე სიტყვით გიამბობთ თითოეული მათგანის შესახებ.

ამ დრომდე პირველობას არავის უთმობდა ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მას ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს, ავტომატურად დღის წესრიგში დადგა ახალი „ბოსების ბოსის“ არჩევის საკითხი. თავად კალაშოვი კი, რომელიც ასევე საქართველოდან გახლავთ, „პრაიმ კრაიმის“ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. კალაშოვის კრიმინალური იმპერია ახლა დიდი კრიზისის წინაშე დგას. 29 მარტს მოსკოვის ნიკულინის სასამართლომ 65 წლის კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის გამოძალვაში ცნო დამნაშავედ. კალაშოვი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

შაქრო კალაშოვთან ერთად, მისი 11 თანამზრახველი გაასამართლეს, ასევე პასუხისგებაში მისცეს საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი გენერალი ალექსანდრე დრიმანოვი, რომელსაც კალაშოვისგან დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს.

„შაქრო მოლოდოი“ დანაშაულებრივ სამყაროს სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც 2013 წელს მოსკოვში ქურდული სამყაროს ნათლიმამა, ასლან უსოიანი („დედ ჰასანი“) მოკლეს. სწორედ კალაშოვმა გადაიბარა „დედ ჰასანის“ მემკვიდრეობა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი წარმოშობით თბილისელი იეზიდი გახლავთ.

კალაშოვი 2000 წლიდან ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ძირითადად ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. ესპანეთში „რუსული მაფიის“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მან მიმალვა მოახერხა, თუმცა 2006 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაინც დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. ესპანეთიდან კალაშოვის ექსტრადირებას, რუსეთთან ერთად, საქართველოც ითხოვდა, სადაც მას კანონიერი ქურდობისა და ადამიანის გატაცების ბრალდებით დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

2015 წელს ესპანეთში სასჯელის მოხდის შემდეგ, შაქრო კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა, თუმცა ის მხოლოდ 2016 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს.

შაქრო კალაშოვს საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა ლიდერთა რიგებს იკავებს ახალი თაობის „კანონიერი ქურდი“, წარმოშობით სოხუმელი ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“. ის ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან. სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“. მაგალითად, 2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს. მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში ბარათელი რუსეთში დააკავეს და საქართველოში გამოადეპორტეს, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცველები არ დახვედრიან. ის მხოლოდ მომდევნო დღეებში ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს, საიდანაც კვლავ რუსეთში დაბრუნებას ცდილობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და ამასთანავე, ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ, სამართალდამცველებს მისი გათავისუფლება მოუწიათ. „კანონიერ ქურდს“ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში იმყოფება. 

კრიმინალურ ავტორიტეტებში ასევე ლიდერია ლაშა შუშანაშვილი, იგივე ლაშა რუსთავსკი – გავლენიანი „კანონიერი ქურდი“, რომელიც 16 აპრილს ევროპოლის მიერ საბერძნეთსა და საფრანგეთში ერთდროულად ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. საბერძნეთის ტერიტორიაზე ოპერაციაში ანტიტერორისტული ჯგუფის 100-მდე მებრძოლი და საპოლიციო ვერტმფრენიც კი იყო ჩართული. უშუალოდ ლაშა შუშანაშვილი სალონიკთან ახლოს მდებარე ქალაქ პილაიაში დააკავეს. ევროპის ორივე ქვეყანაში, საერთო ჯამში, 40-მდე ქართველი დააპატიმრეს, მათ შორის ოთხი „კანონიერი ქურდი“. დაკავებულებს შორის არის მსახიობი კახა აბუაშვილიც, იგივე კაბუ. გამოძიება მას ზემოხსენებულ „კანონიერ ქურდებთან“ კავშირსა და ბინების ძარცვას ედავება.

უკვე ცნობილია, რომ ლაშა შუშანაშვილს არა საბერძნეთის, არამედ საფრანგეთის კანონმდებლობით გაასამართლებენ. საფრანგეთში სასჯელს უკვე იხდის მისი ძმა, ასევე „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი, რომელსაც ფულის გათეთრება და „კანონიერ ქურდ“ ვლადიმერ ჯანაშიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

ევროპული პრესა ლაშა შუშანაშვილს ხან ქართულ-რუსული მაფიის ბოსად, ხანაც „ბერძნების“ დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებს. შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ სწორედ ის ჩაუდგებოდა სათავეში კალაშოვის იმპერიას, თუმცა ქურდული სამყაროს ტახტზე ასასვლელად მისი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ციხიდან განთავისუფლდა გავლენიანი „ავტორიტეტი“ ნადირ სალიფოვი.

ლაშა შუშანაშვილი ამ დრომდეც არაერთ მძიმე დანაშაულში იყო მხილებული, მათ შორის საქართველოში, რუსეთსა და საბერძნეთში. პირველი სასჯელი მან ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მოიხადა. ცნობილია, რომ ის „კანონიერ ქურდად“ გოგი ჩიქოვანმა აკურთხა. 2008 წელს მას რუსეთის ტერიტორია ძმასთან ერთად დაატოვებინეს. მას შემდეგ ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში დასახლდა და ირგვლივ არაერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ შემოიკრიბა. პრესა ამ კლანს ხშირად „ბერძნების დაჯგუფების“ სახელით მოიხსენიებს.

შუშანაშვილის შემდეგ ლიდერებში ასახელებენ მერაბ ჯანგველაძეს, იგივე „სოხუმსკის“, რომელიც კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი და განგსტერული დაპირისპირების მთავარი ფიგურანტია. ტარიელ ონიანთან ერთად ის მწვავე დაპირისპირებაშია „დედ ჰასანის“ კლანთან. ცნობილია, რომ ამ ომს უკვე არაერთი კრიმინალური ავტორიტეტის სიცოცხლე შეეწირა.  56 წლის მერაბ ჯანგველაძე ტარიელ ონიანის მთავარი მოკავშირეა. ის წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობს და იქიდან მართავს კარგად ორგანიზებულ დაჯგუფებას. ონიანი-ჯანგველაძის ტანდემმა „კანონიერ ქურდებად“ აკურთხეს არაერთი ახალგაზრდა „ავტორიტეტი“, რითიც ქურდულ სამყაროში საკუთარი გავლენის სფეროები მნიშვნელოვნად გააფართოეს. ამ კლანის კიდევ უფრო გაძლიერებას ვარაუდობენ 2019 წელს, როდესაც მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილეს ტარიელ ონიანი დატოვებს. ამ ეტაპზე კი „პრაიმ კრაიმის“ რეიტინგში „ტარო“ მხოლოდ მე-18 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენების შესახებ ლეგენდები დადის, როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და ესპანეთში.

 

გაზეთი "პრაიმტაიმი"; 30 ივლისი; №481;

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!