ალბათ, გაგიგონიათ ახლობლების ჩივილი, რომ სახლში ნესტის სუნია, კარადიდან გამოღებულ ტანისამოსს სპეციფიკური, ობის სუნი ასდის, აბაზანის და ოთახის კედლები შავი ლაქებით იფარება და სამზარეულოში მარილი, შაქარი, სუნელები და მსგავსი ტიპის პროდუქტები მუდმივად უსველდება. ნესტი ობის სოკოს წარმოქმნას უწყობს ხელს, ისინი მრავლდებიან კედლებზე შავი სპორების სახით, მათ ვსუნთქავთ, ეს კი სახიფათოა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
სახლში ნესტი ყველაზე ხშირად, რამდენიმე მიზეზის გამო ჩნდება. ესენია: არაბუნებრივი სამშენებლო მასალა, არასაკმარისი ვენტილაცია, საძირკვლის ცუდი ჰოდროიზოლაცია, გათბობის არაეფექტური სისტემები და სველ წერტილებში გამწოვი სისტემების არარსებობა.
ნესტისა და ობის სოკოს გაჩენის ადგილები, პირველ რიგში, სააბაზანო ოთახი, სამზარეულო და საპირფარეშო გახლავთ. ასევე მათთან საერთო კედლის მქონე ოთახები. ცხელი წყლის ნაკადი და საჭმლის მომზადების დროს გამოყოფილი ორთქლი ტენიანობის მომატებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ობის სოკოს წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება ფუნგიციდები და ანტისეპტიკური საშუალებები. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს პრეპარატი ძლიერტოქსიკურია და მათი გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ამასთანავე, სოკოს განადგურებით პრობლემა არ მოგვარდება - თუ მისი გამომწვევი მიზეზი არ დადგინდება, რაღაც პერიოდის შემდეგ სოკოს სპორები ისევ გაჩნდება, ამიტომ ნესტთან ბრძოლისას აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და შენობაში სინესტის დონის ნორმალიზება.
როგორ გავაკონტროლოთ სინესტის დონე?
გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ჰაერის გამომშრობი - ეს მოწყობილობა ადვილად აგვარებს ჭარბი ნესტის პრობლემას და ძალიან მარტივია გამოყენებისთვის. ის კომპაქტურია და ადვილად შეძლებთ, ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანოთ.
იზრუნეთ სავენტილაციო სისტემის გამართვაზე - მოსაზრება, რომ ვენტილაცია მხოლოდ არასასიამოვნო სუნის გასანიავებლად არის საჭირო, მცდარია. სავენტილაციო ხვრელების დახურვით, გაუქმებით ან ავეჯით დაფარვით სახლს ჭარბი ტენიანობისთვის ვწირავთ. კარგი იქნება, თუ სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახში სინესტის სენსორებით აღჭურვილ გამწოვ ვენტილაციას დაამონტაჟებთ.
მოერიდეთ კარ-ფანჯრის ჰერმეტიზაციას - ჰერმეტულად დახურული კარისა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟებამ შესაძლოა, ოთახში ჰაერის შემოდინებისა და გადინების პროცესი დაარღვიოს. ამ დროს სინესტის მაჩვენებელი იზრდება, რაც მშვენიერ გარემოს ქმნის ობისა და სოკოს წარმოქმნისთვის.
დაუშვებელია სარეცხის სახლში გაშრობა. გაიტანეთ სარეცხი აივანზე ან სადარბაზოში მოწყობილ სპეციალურ საშრობში.
გამოიყენეთ კონდენსაციის საწინააღმდეგო თაბაშირი - თუ კედლებზე თაბაშირის ფენის შეცვლას აპირებთ, აუცილებლად ჩამოფხიკეთ ძველი შპალერი და კარგად რომ გაშრება, კონდენსაციის საწინააღმდეგო თაბაშირით გალესეთ. სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახისთვის შეარჩიეთ კონდენსაციის საწინააღმდეგო საღებავი, რომელიც ნესტიან ამინდებში სინესტეს შთანთქავს და მშრალ ამინდებში გამოყოფს.
აუცილებლად გაანადგურეთ უკვე გაჩენილი ობის კვალი, საგულდაგულოდ ჩამოფხიკეთ ნადები და კედელი ნესტსაწინააღმდეგო საშუალებით დაფარეთ, მხოლდო ამის შემდეგ დაფარეთ კედელი შპალერით ან საღებავით.