როგორც იცით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტმა ახალი კანონი მიირო ხელფასების მატებასთან დაკავშირებით.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებაზე. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 370 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს - გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა;
ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:
სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე, სპეც. მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით;
სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით;
სკოლის ფსიქოლოგებისა და სოც. მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება;
იწყება 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი;
პროფესიული განათლების დაფინანსება შეადგენს 155 მლნ ლარს:
გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი;
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 250 მილიონ ლარზე მეტი.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა.
სოციალური მიმართულება - პენსიები და სოციალური დახმარებები
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდა;
70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და განისაზღვრა 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;
გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 250,0 მლნ ლარზე მეტი.