38 წლის ლივერპულელმა ემა უაიტმა არაერთხელ სცადა თავისი 12 წლის ქალიშვილისთვის და-ძმა ეჩუქებინა. სამწუხაროდ, ყველა მცდელომა მუცლის მოშლით დასრულდა და ეს იმდენჯერ განმეორდა, ემამ მცდელობებიც შეწყვიტა. თუმცა მეორედ გათხოვების შემდეგ კვლავ სცადა ორსულობა, რომელიც ამჯერად წარმატებით დასრულდა და ემა ტყუპი გოგონას დედაც გახდა.
მისი თქმით, პირველი მუცლის მოშლა 18 წლის ასაკში გადაიტანა. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში კიდევ 16 შეწყვეტილი ორსულობა ჰქონდა და ყველა მათგანი 8-9 კვირის ვადაზე დაფიქსირდა.
2020 წლის ბოლოს, როცა ემა უკვე მეორე ქმართან ერთად ცხოვრობდა, ულტრაბგერამ აჩვენა, რომ მომავალი დედა ტყუპს ატარებდა. სამწუხაროდ, 6 კვირის ვადაზე ეს ბავშვებიც დაკარგა. ერთი თვის შემდეგ კვლავ დაფეხმძიმდა. ამჯერად ულტრაბგერამ საშვილოსნოსგარე ორსულობა აჩვენა და ემა საოპერაციოდ მოამზადეს. როცა პროცედურის შემდეგ გონს მოვიდა, გადაწყვიტა, რომ მეორე ბავშვზე ოცნებას დამშვიდობებოდა. თუმცა ყველაფერი დაკარგული არ იყო. აღმოჩნდა, რომ ექიმები შეცდნენ, მისი ორსულობა კვლავ ნორმალურად გრძელდებოდა და მეტიც, ის 4 ტყუპს ატარებდა მუცლით. მე-9 კვირაზე კი ემას კვლავ სისხლდენა დაეწყო და ექიმებმა კვლავ შეწყვეტილი ორსულობა ივარაუდეს. ქალი იმდენად დათრგუნული და სასოწარკვეთილი იყო, თავისი ისტორია ფეისბუქმომხმარებლებს გაუზიარა. ძალიან მალე რამდენიმე ქალბატონი გამოეხმაურა და თავი სუროგატ დედად შესთავაზა. მათ შემოთავაზებაზე დაფიქრდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უცნაური სიზმარი ნახა, თითქოს ბაბუა ეუბნებოდა, „ბავშვი ისევ აქ არისო“.
„ბაბუა 4 წლის ასაკში დავკარგე და არასოდეს დამსიზმრებია“ - ამბობს ემა, თუმცა მაინც წავიდა კლინიკაში გადასამოწმებლად.
„კლინიკაში ჩათვალეს, რომ მწუხარებისგან გავგიჟდი. ცოტა ხნის წინ მუცელი მომეშალა და ახლა ტირილით ვიხვეწებოდი, გამსინჯეთ, ისევ ორსულად ვარ-მეთქი“ - იხსენებს ემა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამდენი გაოცებული ექიმის თვალწინ ულტრაბგერამ ორსულობა დაადასტურა, ამჯერად 2 ტყუპზე.
აღმოჩნდა, რომ ემას უიშვიათესი ფენომენი - „გამქრალი ტყუპის სინდრომი“ სჭირდა. ამ სიდრომით იდენტური ტყუპისცალი ადრეულ ვადაზე იღუპება და მას მეორე ტყუპის სხეული შთანთქავს.
ემას შემთხვევაში ეს ორჯერ მოხდა - ორი წყვილი იდენტური ტყუპიდან თითო-თითო დაკარგა და საშვილოსნოში 2 არაიდენტური ტყუპი დარჩა.
2021 წლის 2 ოქტომბერს ორსულობის 37 კვირის ვადაზე ემამ ჯანმრთელი ტყუპი, ავრორა აზალია და ოფელია ლილი გააჩინა.