თუბა ბუიუქუსთუნი თურქი მსახიობია, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. მომხიბვლელი ვარსკვლავი პროფესიით სასცენო კოსტიუმების დიზაინერია. მართალია, ამ პროფესიით არასდროს უმუშავია, თუმცა შვილების შესამოსად კი იყენებს – თუბა თავის გოგონებს ხშირად საკუთარი ხელით უკერავს კაბებს და ცხადია, დიზაინიც მას ეკუთვნის.
ბუიუქუსთუნის ფილმოგრაფიაში არაერთი წარმატებული როლია, თუმცა ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე უფრო ცნობილია სერიალი “შავი ფული და სიყვარული”, სადაც მთავარ როლს თურქული სერიალების კაშკაშა ვარსკვლავთან, ენგინ აქიურექთან ერთად ასრულებს.
გარდა “შავი ფულის და სიყვარულისა”, თუბას პოპულარული ნამუშევრებია “ასი”, “20 წუთი”, “ბოშა ქალი”, “მამაცი და ლამაზი” და ა.შ. ამ უკანასკნელში ის თურქ ბრედ პიტად წოდებულ ქივანჩ თათლითუღს უწევდა პარტნიორობას.
თუბა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრესტიჟულ დაჯილდოებებზე იყო საუკეთესო ქალი მსახიობის რანგში ნომინირებული და ბევრ მათგანში გამარჯვებაც მოიპოვა. 2012 წელს “20 წუთში” შესრულებული როლისთვის ემის დაჯილდოებაზეც კი წარადგინეს, თუმცა გამარჯვება არ მოუპოვებია.
ამჟამად ის პოპულარულ თურქულ დრამაში “ელჩის ქალიშვილში” თამაშობს, სადაც კვლავ თავის ძველ ეკრანულ პარტნიორს, ენგინ აქიურექს დაუბრუნდა. თუბამ სერიალში ნესლიჰან ათაგული ჩაანაცვლა, რომელმაც გადაღებები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.
თუბას და ენგინს თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ბუიუქუსთუნს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პარტნიორი ენგინია და რომ კვლავ სურდა მასთან ერთად ახალ პროექტში მონაწილეობის მიღება. მსახიობს ოცნება აუხდა და ბევრისთვის საყვარელი ეკრანული წყვილი კვლავ სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა.
გარდა კარიერული წარმატებისა, თუბა გამოირჩევა თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. 2014 წელს ის იუნისეფის კეთილი ნების ელჩი გახდა.
სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები
თუბა ბუიუქუსთუნის სახელს არაერთი გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობა უკავშირდება. მსახიობი 2011 წელს თავისივე კოლეგაზე, ონურ საილაქზე დაქორწინდა. ქორწინების რომანტიკული ცერემონია საფრანგეთში, პარიზში შედგა. 2012 წელს მათ ტყუპი გოგონები შეეძინათ – მაია და თოფრაქი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში შეყვარებული და ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, საბოლოოდ, ვერ შეძლეს ურთიერთობის შენარჩუნება და 2017 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
განქორწინების შემდეგ მალევე, 2017 წელს თუბამ რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო ახალგაზრდა ბიზნესმენ უმუთ ევირგენთან, თუმცა ამ ურთიერთობამ დიდხანს არ გასტანა.
რამდენიმე თვის წინ კი თურქული მედია თუბასა და მასზე 9 წლის უმცროს თურქი მსახიობის მერთ დუიმაზის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერდა. მოგვიანებით დაიწერა, რომ წყვილი ერთმანეთს რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამ თემაზე თავად მსახიობს კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ონურ საილაქზე დაქორწინდებოდა, ურთიერთობა ჰქონდა სერიალ “ასის” ოპერატორთან, სამი საიდანთან და მაშინ, როცა ყველა თუბასა და მურათ ილდირიმის რომანზე წერდა, ბუიუქუსთუნი სინამდვილეში ოპერატორზე იყო შეყვარებული.
როგორც ცნობილია, ამჟამად მისი გული თავისუფალია და მთლიანად კარიერასა და შვილებზეა კონცენტრირებული.