„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის, მეორედ მოსვლა ახლოსაა“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს.
„მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო, ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა“.
ილია მეორის სიტყვებით, ადამიანებს სიმშვიდე აკლიათ.
„დღეს არის ხსენება სხვა წმინდანებთან ერთად წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში, ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.