პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ, ამერიკის ელჩის კელი დეგნანის სატელევიზიო გამოსვლასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს:
"ამერიკის ელჩი თუ ამ დონის არაგულწრფელი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. კითხვებს ისევ არ პასუხობდა და ცდილობდა სიმართლისთვის თავი აერიდებინა.
დასავლური ღირებულებები სწორედ იმით არის ჯერ კიდევ მიმზიდველი, რომ მისი ფუნდამენტი არის კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა.
თუ მართმსაჯულება საელჩოში უნდა დაკორექტირდეს, დეპუტატების კითხვების დასმა დანაშაულში უნდა ჩაითვალოს და მათ საკუთარი უფლებების დაცვაც კი ვერ შეძლონ, არათუ სხვისი, ეს უფრო საბჭოთას ჰგავს, ვიდრე დასავლურს, სადაც სულ უმცროსი ვიყავით და უფროსი მუდამ გვყავდა.
მაშინ სად არის რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი? ჩვენი თავი ჩვენადვე როგორ უნდა გვეყუდნოდეს?
პარტნიორს კითხვებს იმიტომ ვუსვამთ, რომ მისი იმედი გვაქვს და მისი მართალი პასუხი გვაინტერესებს. ის კი არც კითხულობს და რუსეთუმეობას გვაბრალებს. და თუ ეს ჩვენ არ მოგვწონს, თურმე უნდა გავჩუმდეთ, "უფროსი ძმა ყოველთვის მართალია". ეს დამონების მცდელობას ხომ არ ჰგავს? თუმცა, "ამერიკული მონობა ჯობია რუსულს". არა ბატონო, ქართველი ერი ვერავის უღელს ვერ შეეგუება.
ამერიკელი დეგნანი გვეუბნება, ჩვენ საქართველოში მშვიდობა გვსურსო, მეორე ამერიკელი-კინზინგერი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოუწოდებს, "ჩადით საქართველოში და გაყარეთ ხელისუფლებაო". მესამე ამერიკელი - ფარკასი დამატებით სანქციებში ჩართვაზე გველაპარაკება და უკრაინასთან ერთად წინა ხაზზე გამოსვლისკენ მოგვიწოდებს. "თუ რუსეთი საქართველოში შემოიჭრება, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებს"-ო, თითქოს ნარდის თამაშს აპირებდეს ჩვენთან რუსეთი.
რომელს დავუჯეროთ? თუ ისევ გავჩუმდეთ? აღარაფერს ვამბობთ უკრაინელი მაღალჩინოსნების ომში ჩართვის მოწოდებებზე.
ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, "შემოგვეზომა". ოპოზიციის განსხვავებულ აზრს პატივს ვცემო და ჩვენი განსხვავებული აზრი, არა თუ არ მოეწონა, თავდასხმად აღიქვა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა აშშ ჩართული ევროპარლამენტის მიერ სანქციების შემუშავების პროცესში, კელი დეგნანი პასუხობს, რომ მას არ სურს ევროკავშირის სახელით საუბარი. არადა, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონკრამონი ამბობს, რომ რეზოლუცია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე იყო საუბარი. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორი თვით ადრე, ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი უდიდეს ქველმოქმედად მოიხსენია.
ვეკითხებოდით, შეხვდი თუ არა ბიძინასო და დიდად იუარა, არადა, თურმე შეხვდა და დაგვიმალა, თუ რატომ, მაინც არ გვითხრა. იმალება ის, რაც დასამალია.
არ გვითხრა და ნუ გვეტყვის. მთავარია ჩვენ ვამბობთ სათქმელს, რომელიც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აქამდე არ იცოდა, ახლა კი იცის.
დღეს ყველაზე ახლოს არის საზოგადოება იმასთან, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ უნდა გვეყუდნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან.
ჩვენი დროშა ყველას უნდა გვერჩივნოს! ჩვენ აუცილებლად გავხდებით რეალურად დამოუკიდებელი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო! დიდება ჩვენს გმირებს! დიდება საქართველოს!“,- ამბობს ხუნდაძე.