თბილისი პრაიდის დირექტორი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში ჰომოფობიური სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის ქალიშვილზე ინფორმაციას ავრცელებს.
ჯაყელის თქმით, რუხაძის შვილი, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძე ღიად ლესბოსელი ქალია და ამერიკაში ამერიკელ ქალ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ისინი შვილის აყვანას აქტიურად ცდილობენ.
როგორც თბილისი პრაიდის დირექტორი წერს, ეს ფაქტი კიდევ უფრო ცხადს ხდის, თუ რამდენად ამორალურია რეჟიმის პროპაგანდა.
ჯაყელის თქმით, ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტები მზად არიან, საკუთარი შვილის მსგავსი ადამიანები იდენტობის გამო, რომელიც მათ არ აურჩევიათ, "სასიკვდილოდ გაიმეტონ", რადგან "რუსული ავტორიტარული ხელწერა ავალდებულებთ".
როგორც ჯაყელი აღნიშნავს, ტელეკომპანია იმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ შვილის გვერდით დგომას "სიხარბე და ძალაუფლების წყურვილი არჩია".