გუშინ, გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არსებული ცნობით, ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი “ჰაველი”, მეორე სართულზე კი – რესტორნის თანამშრომლების მოსასველენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ. სწორედ მეორე სართულზე დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახია, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი.
პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ – კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.