ცნობილი ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ფილტვზე პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გარდაიცვალა.
მსახიობი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობდა. როგორც თავად „პრაიმტაიმს“ ბოლო ინტერვიუში უთხრა, ბევრს ვეწევი... ხშირად ვიღლებიო...
მსახიობს კოლეგები, ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:
„გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი“, – წერს მარჯანიშვილის თეატრი.
„მშვიდობით ჩემო მიშა, უმაგრესო არტისტო და პარტნიორო.. მადლობა ყოველთვის გვერდით დგომისთვის..“, – წერს გია როინიშვილი.
„ჩვენი მიშა აღარ გვყავს!!!“, – წერს მარინა სალუქვაძე.
კარგი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან!, – წერს მომღერალი ზურა ხაჩიძე.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ასეთ მძიმე დანაკარგს“, – ნათქვამია პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
მიშა გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა “მეტეხის თეატრში”.
გომიაშვილი 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.