მარნეულში, სოფელ სადახლოში მკვლელობა მოხდა. 55 წლის მამაკაცმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამწუხაროდ, მიყენებული ჭრილობებით ქალი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მალე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, მაგრამ ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
“ძალიან მძიმე ამბავია. მამაკაცს ჰქონია ბოლო დროს ფსიქიური პრობლემები, ადრეც მკურნალობდა. რამდენჯერმე უთქვამს ცოლისთვის ჩვენ ერთ დღეს ერთად მოვკვდებითო, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა ქალი, რომ მას ქმარი მოკლავდა. მამაკაცს თირკმელზე აქვს პრობლემა, კლინიკაში იწვა, მკურნალობდა. გადაწყდა თურმე, რომ ამ რამდენიმე დღეში მისთვის ოპერაცია ჩაეტარებინათ. საოპერაციოდ ემზადებოდა, ამიტომ ექიმებმა ცოტა ხნით სახლში გამოუშვეს. დანიშნული იყო ოპერაციის დღე და უკან, კლინიკაში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა მან ეს შემზარავი დანაშაული ჩაიდინა. დანით მოკლა ცოლი. შემთხვევას მათი 28 წლის შვილი შეესწრო, ეტყობა მან გვიან ნახა რომ დანით უკლავდა მამა დედას. ბიჭი შეეცადა დედა გადაერჩინა, მის დახმარებას ცდილობდა, მამას წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ უშველა. როგორც მითხრეს, შვილსაც აქვს ცოტა დაზიანებები მიყენებული. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ღრმა ჭრილობა იყო. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები. მათი ნათესავი ამბობს, დამნაშავე მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანესო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა მისი დაკავება”, – ამბობს ჩვენთან საუბარში სამირა ბაირამოვა.