რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი თავს კარგად არ გრძნობს. მისი პროდიუსერის, სერგეი პუდოვნიკის განცხადებით, თვენახევრის წინ მისთვის დედის გარდაცვალება დიდი დარტყმა აღმოჩნდა. მისივე თქმით, მომღერალი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.
"სამწუხაროდ, როდის დაბრუნდება სცენაზე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ის მძიმე მდგომარეობაშია. დედის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს. მე მესმის მისი, თვითონაც დავკარგე მშობლები. შემიძლია ვთქვა, რომ სისულელეა იმის თქმა, რომ დრო ყველაფერს კურნავს. არა, არ კურნავს...“ - ამბობს პუდოვკინი. მისი თქმით, დედის დაკრძალვის შემდეგ მომღერალი საავადმყოფოშიც მოხვდა.
ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თამარ გვერდწითელის ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა. მისი თქმით, მომღერალი დედის გარდაცვალებას ძალიან განიცდის. "მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც ვიცი, დღეს ან ხვალ თამარი შვილთან ევროპაში მიემგზავრება“, - ამბობს ახლობელი.
თამარ გვერდწითელს პირველი ქორწინებიდან ერთადერთი ვაჟი ჰყავს. სანდრო ჯახაბრიშვილმა საშუალო განათლება ბოსტონში მიიღო. სერთიფიკატის მიღების შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში მასმედიისა და კულტურის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გვერდწითელის ვაჟი ჩაფლულია სამეცნიერო საქმიანობაში და ლონდონში მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობს...
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გვერდწითელმა რუსეთი დატოვა და დედასთან ერთად თვეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა.