აფხაზეთიდან დევნილი ჯალაღანოების 4 სულიანი ოჯახს ელექტროენერგია შეუყვანეს.
მარტოხელა დედა, ინდირა კვაშილავა სამ მცირეწლოვანს უკიდურეს გაჭირვებაში ზრდის, ოჯახს დახმარება სჭირდება.
„ესეც კეთილმა ადამიანებმა, შევეცოდეთ სანთლის შუქზე ვცხოვრობდით ორი წელი...
შენობა, სადაც მარტო ჩვენ ვცხოვრობთ ხედავთ აქ რაც ხდება. აქ იყო სოფელ სინწის ყოფილი რვაწლიანი სკოლა, ახლა აქ ვზრდი სამ შვილს და ცრემლები მახრჩობს...
ათი დღეა პური არ გამოგვიცხვია, გაძვირდა პურის ფქვილი. იქვე მეზობლები გვაწვდიან პურს და საჭმელს. მათი გამონაცვალი ტანსაცმლით ვუშვებ სკოლაში, მადლობა ღმერთს კეთილი ხალხიც არსებობს...უფროსი მეცხრე კლასში მიდის, შუათანა მეხუთეში, ხოლო პატარა გოგო მესამეში. რამდენს გასწვდეს ეს სოციალური დახმარება?! 624 ლარად გამოვკვებო? ვასწავლოო თუ რა ვქნა?!“, - ამბობს 32 წლის დედა ინდირა კვაშილავა.
ინდირა სამ შვილს მარტო ზრდის, როგორც თვითონ ამბობს მამა ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს.
სამი შვილის მარტოხელა დედა საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლადაც იყო წასული, თუმცა შვილების გარეშე ვერ გაძლო და სამშობლოში დაბრუნდა.
„ვერ გავძელი... ისედაც უფროსს ვაჟს თავის ასაკთან შედარებით წონაში კლება აქვს, სრულყოფილად ვერ ვკვებავ ბავშვებს, უფროსი მისახედი მყავს განსაკუთრებით“, - ამბობს ინდირა კვაშილავა.
სოფელში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ სკოლა არ ფუნქციონირებს, ისინი სოფლიდან მოშორებით ოდიშის სკოლაში დადიან.
„სკოლა შორსაა, მარშუტკას დაჰყავს... ისიც გაფუჭებულია და მე უნდა წავიყვანო სკოლაში...
ზამთარს როგორ გადავიტანთ არ ვიცი, ფანჯრები არ აქვს ამ შენობას, არც იატაკი... ყველანი ერთ ოთახში ვართ, რა გახდა ჩვენთვის ერთი ბინა?!....“, - ამბობს სამი შვილის მარტოხელა დედა.