რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქალაქ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებზე ფილმს იღებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კინოსურათი, სახელად ბუჩა, რეალურ ამბებს დაეფუძნება და მაყურებელს კიევის მახლობლად მდებარე დასახლებების: ბუჩის, ვორზელის, ჰოსტომელისა და ირპინის ოკუპაციის შესახებ მოუთხრობს.
ფილმში მოთხრობილია ბუჩის ერთ-ერთი მცხოვრების, კონსტანტინ გუდაუსკასის, ისტორიაც. გუდაუსკასი ყაზახეთის მოქალაქეა, რომელიც პოლიტიკურ დევნილად იქცა და უკრაინაში ცხოვრობს. რადგან იგი ყაზახეთის პასპორტით სარგებლობდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და მშვიდობიანი ადამიანების გადარჩენის შესაძლებლობა მიეცა. ჯამში მან ქალაქის 203 მცხოვრები იხსნა, თუმცა, ამავდროულად, დასახლებებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის მოწმეც გახდა.
ფილმის გადაღებები ზამთარშია დაგეგმილი, პრემიერა კი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება.