მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაცვლილ მეგობარს, მიშა გომიაშვილს ემშვიდობება.
„მიშა! ძალიან დამწყვიტე გული, შენ ვერ გამოიყენე, ვერც მამაშენი, ვერც ჩვენი ოჯახი და რაც მთავარია, შენი ნიჭიერება, რატომ, რატომ... ადრე იყო შენი წასვლა ამ ქვეყნიდან. შენგან შორს იყო ბოროტება, მხოლოდ სიკეთე მოდიოდა შენგან, სიკეთე და მზრუნველობა, თავდადება შენი პროფესიისადმი. ნათელი დაგადგეს ცათა სასუფეველში.“, - წერს მსახიობი.
ცნობისთვის, 12 სექტემბერს ერთ-ერთ კლინიკაში მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა.
მიხეილ გომიაშვილს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი როლი და მიღებული აქვს როგორც ქართული ასევე საერთაშორისო პრიზები.
მიშა გომიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო).
მუშაობდა "მეტეხის თეატრში". 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია . თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი "საწვავი", რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე "მდგმურები", რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი "ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია", რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე "განდეგილი" , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი "მარატ-სად"-ის მიხედვით "დირექტორი აბაზანაში", რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი "უბედურება" რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი "თოვლივით თეთრი თოვლი" რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი "მამა", რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.