Saturday, September 24, 2022
spot_img
Home„მამა მენატრება, მამააა!... ვერც ტკივილს და ვერც მონატრებას დრო ვერ კურნავს...“- 38...

„მამა მენატრება, მამააა!… ვერც ტკივილს და ვერც მონატრებას დრო ვერ კურნავს…“- 38 წელი ნოდარ დუმბაძის გარდაცვალებიდან

spot_imgspot_img

„მე ხუთჯერ გარდავიცვალე უკვე და ხუთჯერ მოვბრუნდი ამ ქვეყანაზე… მე ახლა ვცხოვრობ უზომო, განუსაზღვრელი სიყვარულით და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები… და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება, მე არაფერში აღარ აღვსდგები.

მე დავრჩები მარადიულ სიყვარულში, ამიტომ ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა როდის მოვკვდები . . . მე აღარ მეშინია სიკვდილის… – ნ. დუმბაძის ბოლო რომანიდან „მარადისობის კანონი”.

დღეს, ქართველი მწერლის და სცენარისტ ნოდარ დუმბაძის გარდაცვალებიდან 38 წელი გავიდა. სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი დაიბადა 1928 წელს ქ. თბილისში და გარდაიცვალა 1984 წლის 14 სექტემბერს.

გენიალური მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილები ქ-ნი მანანა და ქეთევანი მამას იხსენებენ და სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ სევდიან ფოტოს და პოსტს აქვეყნებენ:

„მთაწმინდა გულში იხუტებს. მე წმინდა მიწაზე ვტირი. მამა მენატრება, მამაააა!“ – წერს ქ-ნი მანანა.

„ასეთი სევდიანი და ამაყია ხოლმე ეს დღე. 38 წელი გავიდა და … ვერც ტკივილს და ვერც მონატრებას დრო ვერ კურნავს…“ – წერს ქ-ნი ქეთევანი.

შეგახსენებთ, რომ მწერალი 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა – ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა –  ანა ივანეს ასული ბახტაძე – დიასახლისი.

1937 წლის რეპრესიების პერიოდში, მამამისი დახვრიტეს, ხოლო დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს.

ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, 8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში, 3 წელი იქ გაატარა, ბიძები რომ დაიჭირეს და დახვრიტეს, საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში.

1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად.

შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას.

1956-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინო სცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.

1951 წელს დაქორწინდა ნანული გუგუნავაზე, ჰყავდათ სამი შვილი: მანანა, ზაზა (გარდაიცვალა 5 წლის) და ქეთევანი.

ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად, დაკრძალული იყო ქ. თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

 

.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge