ცნობილი ექიმი რადიოლოგი, მეცნიერი, ნიკოლოზ (კოკა) ხუტულაშვილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექიმი ჯონი ჯანაშია ავრცელებს.
,,ჩვენი კოკა აღარა გვყავს, კოკა ხუტულაშვილი, ჩემი ეკა კვირტიას მეუღლე, არაჩვეულებრივი ექიმი, გამორჩეული, თავისი საქმის დიდოსტატი, თბილი და ყურადღებიანი ადამიანი…”, – წერს ჯონი ჯანაშია სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ ხუტულაშვილი 1990 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების შექმნაში, რომლის ხელმძღვანელი იყო ათი წლის განმავლობაში.
2011 წლიდან, აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის “ახალი განჯა” მთავარი ექიმი და რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
ნიკოლოზ ხუტულაშვილი 112 სამეცნიერო შრომის ავტორი იყო. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003 წელს), საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1996 წელს).