28 მარტს, აჭარაში ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი – დაშავდა.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ქარმა მოგლიჯა ხე, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა და მამაკაცი, რომელიც ავტომობილში იჯდა, სასიკვდილოდ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ისე იყო დაზიანებული, რომ მისი გაჭრა გახდა საჭირო, რათა დაშავებული ამოეყვანათ.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 40 წლის ერგული რომანაძეა. როგორც მისი ნათესავი გვეუბნება, მამაკაცი “ტაქსაობდა” და იმ დროს, როცა ხე დაეცა, შინ ბრუნდებოდა.
“ჩემი სიძე იყო ერგული. უწესიერესი კაცი. დარჩა ცოლი და სამი შვილი. როგორც მითხრეს, შინ ბრუნდებოდა, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ” – ამბობს გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავი.