მუსიკოსი და იუმორისტი, თამარ ლეკვეიშვილი აცხადებს, რომ დიეტაზე იყო და ფაქტობრივად შიმშილობდა.
ამასთან, თამუნამ და მისმა გუნდმა ცოტა ხნის წინ "მთავრი არხი" დატოვეს და სამუშაოდ"ტვ პირველზე“ გადავიდნენ. რადგანაც კითხვებიც და სასაუბროც დაგროვდა, დავუკავშირდით კიდეც.
- თამუნა, რაც ახალ არხზე გადმოხვედით, ეს ჩვენი პირველი ინტერვიუა... რას გვეტყვი, შეეწყეთ ახალ გუნდს?
- ამ არხზე რომ მოვედით, ჩვენთვის ოფისი არ არსებობდა, ახლაც რემონტის პროცესშია ჩვენი მხარე. რადგან სამუშაო სივრცე არ გვქონდა, ინგა გრიგოლიამ დაგვითმო და დაახლოებით ორი თვე ნიუსთან ერთად, ერთ სივრცეში ვმუშაობდით. მიგვიღეს როგორც ოჯახის წევრები - ძალიან კომფორტული გარემო დაგვხვდა.
- ბოლო დროს თითქოს შენს გარეგნობაში რაღაც ცვლილებაა, ამას "ვანოს შოუში" მოსული სტუმრებიც აღნიშნავენ. არ გაგვიმხელ, ასეთი ცვლილება რისი ბრალია?
- ყველაზე მთავარი ის არის, დავიკელი 10 კილო. ეს ჩემი წინანდელი წონის, სიმაღლის მქონე ადამიანისთვის ცოტა არ არის. წონის დაკლებამ სახეზეც შემცვალა. ყველაფერი კი ასე დაიწყო - სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე, რომ საახალწლოდ მინუს 10 კილოგრამი ვყოფილიყავი. მიზნად დავისახე და შევასრულე.
- რაიმე ცნობილი დიეტაა?
- კონსულტაცია არსად და არავისთან გამივლია, დიეტა თვითონ გამოვიგონე. დიეტაც არ არის, ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... შაბათ-კვირის გარდა, ჩემი საკვები რამდენიმე თვის განმავლობაში, ყავა, შოკოლადი, თხილი და ყველი იყო. უქმეებზე ასე თუ ისე სხვა საკვებსაც ვჭამდი, სახლში ვარ, ბავშვებს საჭმელს მე ვუმზადებ და ამ დროს მარტო თხილის ჭამა არ გამომდის... ამასთან, ნოემბერში ცხოვრებაში პირველად, ძალიან ცოტა, სულ ერთი გრამი ფილერი გამოვიყენე ცხვირისა და ტუჩის არეში. ფაქტობრივად, უკვე გაილია კიდეც, მაგრამ ძალიან შემცვალა. ვნახოთ, შეიძლება ამ მეთოდს ისევ მივმართო.
წყარო: მშობლები