საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. შედეგად, ბანკთან თანამშრომლობით გურიაში, დაბა ლაითურში 16.4 ჰა ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენდება. კომპანია „ჯეობლუბერის“ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს. კომპანიის მიერ შესყიდულია მიწის ნაკვეთი, რომელშიც 217 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის საბოლოო განხორციელების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.5 მლნ ლარია. ინვესტიცია ნაკვეთის აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ნაკვეთის დამუშავებას, და თანამედროვე ჯიშების ნერგების შესყიდვას მოხმარდება.
„ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს 2 ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც უწყვეტად მოამარაგებს ლურჯი მოცვის პლანტაციას სარწყავი წყლით. ოქტომბრის დასაწყისში მთლიანი ფართობი 16.4 ჰა უნდა იყოს მზად ნერგების დასარგავად, ველოდებით ნერგების მიღებას მსოფლიოს საუკეთესო სანერგეებისგან, როგორიცაა ესპანური ფოლკრიკი და ფრანგული მალტიბაი. წლის ბოლომდე კი უკვე შევძლებთ ნერგების დარგვას. პლანტაციების გაშენების შემდეგ ლურჯი მოცვის სრულ მსხმოიარობაში შესვლისას დაახლოებით 210-220 ტონა მოცვის მოსავალს ველით. ჩვენ ყველა დაგეგმილ სამუშაოებს ვახორციელებს GlobalGAP-ის ექსპერტთან კონსულტაციების შესაბამისად, რათა შემდგომში მივიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც გზას გაგვიხსნის პროდუქციის რეალიზაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა თემურ ბიწაძემ, კომპანია „ჯეობლუბერის“ დირექტორმა.
„ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ დიდი პოტენციალის მქონე მიმართულებების გაძლიერებას. ამ მიზნით ჩვენს პარტნიორ კომპანია „ჯეობლუბერისთან“ ერთად, გურიაში, 16,4 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდება. მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოში მოცვის კიდევ უფრო მეტი წარმოება დაიწყოს და გაზრდილი რაოდენობით გავიდეს ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.