დეკანოზი სერაფიმე დანელია, მარტვილის ტაძარში მედავითნედ მსახურობის დროს მომხდარ საინტერესო ამბავს იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მაცხოვრის ჯვარცმის ფრესკის ეს ფრაგმენტი, მარტვილის მონასტრის ჩრდილოეთ სამხროშია გამოსახული და ყურადღებას იპყრობს, მაცხოვრის სახეზე დაფენილი ნათელი სიმშვიდით...
წლების წინ, როცა მარტვილის ტაძარში მედავითნედ ვმსახურობდი, ამ ფრესკასთან დაკავშირებით მოძღვარი მოგვიყვა ამბავს, რამაც უფრო დაგვაახლოვა მასთან და შეგვაყვარა იგი.
90-იან წლებში, ტაძარში მსახურების ამოქმედების დროისთვის, ამ ფრესკაზე მაცხოვარს მარცხენა თვალი ამოჩიჩქნილი ჰქონდა, - ეტყობა ვიღაცას გულმოდგინედ და მიზანმიმართულად ეზრუნა მის დამახინჯებაზე. მოძღვარი, თუმცა კი წუხდა ამის გამო, ისტორიულ ფრესკაზე ხელის შევლებას მაინც ერიდებოდა. დრო გადიოდა, ხოლო ჯვარცმული ფრესკა ძველებურად რჩებოდა ადამიანთა უმადურობისა და უგუნურების ნათელ მაგალითად.
ერთხელაც, ტაძარში შემოსული მოძღვარი, ჯვარცმის წინ დამხობილ და მოტირალ ქალბატონს წააწყდა. როდესაც მოძღვარი ქალს გამოელაპარაკა, აღმოჩნდა, რომ იგი რუსეთიდან იმისთვის ჩამოსულიყო, რათა მოენახულებინა მარტვილის მონასტერი და შეხვედროდა მის მღვდელმსახურს. იგი ცრემლებით მოყვა თავისი გარდაცვლილი მეუღლის ამბავს - წლების წინ, იგი თვალის ავადმყოფობით დაავადებულა. ყოველნაირ მკურნალობას უშედეგოდ ჩაუვლია. ბოლოს იძულებული გამხდარან თვალი ამოეღოთ, მაგრამ ვერც ამას უშველია და გარდაცვლილა. გარდაცვალების წინ, ავადმყოფს ცოლისთვის გაუმხელია, რომ ახალგაზრდობაში, თავის სამშობლოში, მარტვილის ეკლესიაში მაცხოვრის ხატისათვის თვალი დანით ამოუჩიჩქნავს და ახლა ამისთვის იტანჯებოდა. ქალი ტირილით მოთქვამდა, ჩემს ქმარს არ ახსოვდა და თურმე სწორედ, იმ მარცხენა თვალით ყოფილა დაავადებული, რომელიც ფრესკაზე დაუზიანებიაო...
გულშემუსვრილმა ქალბატონმა, შენდობა ითხოვა მეუღლის გამო და ფრესკის აღსადგენად საჭირო თანხა შემოსწირა ტაძარს.
მოძღვარმა კი მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მიცვალებულის სახელზე და დღევანდელ დღემდე იხესენიებს მას და ამ საკვირველ ამბავს“... - წერს დეკანოზი დანელია.