საზარელი ავარია მოხდა 27 დეკემბერს თელავში. ავარიაში, სოფელ კურდღელაურში მცხოვრები ახლო მეგობრები, 35 წლამდე ასაკის ვალერი თათულაშვილი და შოთა ბოჭორიძე დაიღუპნენ. თელავში მომხდარი ავარიისას, მძიმედ დაშავებული, გიორგი ბოჭორიძე კი დღეს გარდაიცვალა.
მძიმედ დაშავებული გიორგი ბოჭორიძე სამკურნალოდ, ჯერ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი, თბილისში იყო გადაყვანილი, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
“გიორგი, შოთისთან და ვალერისთან ერთად იყო იმ საბედისწერო ღამეს. ერთად მოჰყვნენ უმძიმეს ავარიაში, ხეს შეეჯახნენ. ძალიან მძიმედ იყო, ისე დაშავდა, ფეხიც მოკვეთეს. თბილისში გადაიყვანეს, ბოკერიაში მკურნალობდნენ, მაგრამ ეტყობა, აღარ ეყო სასიცოცხლო ძალები და გული გაუჩერდა. აქაც მეგობრები იყვნენ და იქაც ერთად წავიდნენ”, – ამბობს ახლობელი.