გაერთიანებულ სამეფოში ბერმა და მონაზონმა თავიანთი დადებული დაუქორწინებლობის აღთქმა დაარღვიეს და ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.
ლიზა ტინკლერი, რომელიც წინათ და მერი ელიზაბეთად იყო ცნობილი, 19 წლის ასაკში გახდა მონაზონი და ლანკაშირის საგრაფოს ქალაქ პრესტონის კათოლიკურ მონასტერში მსახურებას შეუდგა. თუმცა, 24 წლის შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. იგი ოქსფორდელ კარმელიტ ბერს, რობერტს, შეხვდა. წამიერი შეხებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ…
“რაღაცნაირი ქიმია ვიგრძენი”, — იხსენებს ლიზა, — “ცოტათი შემრცხვა კიდეც და ვიფიქრე, ღმერთო, ნუთუ მანაც იგრძნო იგივე-მეთქი”.
ტინკლერი ჰყვება, რომ მონასტერში რობერტის სტუმრობისას, როცა ბერი სადილობდა, ისინი ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ. სადილის დასრულების შემდეგ, რობერტმა რომ წასვლა დააპირა, სწორედ მაშინ შეეხნენ მოულოდნელად ისინი. არადა, წყვილს მანამდე ერთმანეთთან გასაუბრების საშუალებაც არ ჰქონია — მხოლოდ ლიზას ჰქონდა მოსმენილი რობერტის ქადაგება.
“გაოგნებული ვიყავი”, — ამბობს ლიზა, — “შეხვედრისას თავსაბურავი მეკეთა, ამდენად ჩემი თმის ფერიც კი არ იცოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, სად და როგორ გავიზარდე. ეგ კი არა, ჩემი წინანდელი სახელიც არ იცოდა”.
თუმცა, ერთიმეორისადმი რომანტიკული გრძნობების გაღვივების შემდეგ, ტინკლერმა გადაწყვიტა, მხნეობა მოეკრიბა და ბერისადმი თავის სიყვარულზე მონასტრის წინამძღვარს გასაუბრებოდა.
“წინამძღვარი ცოტათი უხეში იყო ჩემ მიმართ, ამიტომ შარვალი და კბილის ჯაგრისი ჩანთაში ჩავაწყვე და მაშინვე წამოვედი”, — იხსენებს აწ უკვე ყოფილი მონაზონი, — “მას შემდეგ მერი ელიზაბეთობას აღარ დავბრუნებივარ”.
დღეს უკვე დაქორწინებული წყვილი ჰყვება, რომ ცხოვრების წესის შეცვლა მათთვის რთული აღმოჩნდა. რობერტმა რომიდან მალევე მიიღო წერილი, რომ იგი კარმელიტების ორდენიდან განკვეთილი იყო. მან და ლიზამ პასუხების ძიება წიგნებში დაიწყეს და იმ მონაზვნების ამბებს გაეცნენ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით მონასტერი დატოვეს. ტინკლერის თქმით, ეს ისტორიები იმდენად ახლობელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ორივეს ტირილი მოერია.
თუმცა, რობერტისა და ლიზას თქმით, სირთულეების მიუხედავად, მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობენ. ტინკლერი ამბობს, რობერტთან შეხვედრამდე არც კი ვიცოდი, რას ნიშნავს, იყო შეყვარებულიო.
წყვილი ახლა იორკშირის ჩრდილოეთით, პატარა სოფელში ცხოვრობს. ლიზა ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობს კაპელანად, რობერტი კი ინგლისის ეკლესიაში მიიღეს და მახლობელ ტაძარში ვიკარიც გახდა. თუმცა, ტინკლერი მაინც მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა.
“ხშირად ვფიქრობ, რომ ისევ მონასტრულ ცხოვრებას ვეწევი, ოღონდ რობერტთან ერთად”, — ამბობს ლიზა, — “ქრისტე [ჩვენი ოჯახის] ცენტრშია და ყველაფერზე წინ დგას. ასე რომ არ ყოფილიყო, მგონი, ჩვენი ურთიერთობა ამდენ ხანს არ გასტანდა”.