არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" მრავალი წელია ქალებისა და ოჯახური ძალადობის მხვერპლთა უფლებებისთვის მუშაობს და ბუნებრივია, მის თანამშრომლებს უამრავი ადამიანის მძიმე ისტორია აქვთ მოსმენილი. "საფარის" იურისტი ცირა ჯგერენაია, იმ შემთხვევას იხსენებს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე გასახსენებელია მისთვის.
"უკვე რამდენიმე წელია, სამსახურის ტელეფონზე დღეში რამდენიმე ზარი შემოდის. ძირითადად ქალები მირეკავენ და მათზე ძალადობის ამბებს მიყვებიან. ბევრნაირი ამბავი მაქვს მოსმენილი, მაგრამ არის ერთი ისეთი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ხმის მიხედვით, შუახნის ქალი იყო და მითხრა, რომ მის ქალიშვილზე წლების მანძილზე ძალადობდა ქმარი.
- ჩემთანაც გამოქცეულა ბევრჯერ, რამდენჯერმე თვალიც ქონდა ჩალურჯებული, მე კი ვეუბნებოდი, რომ
უნდა მოეთმინა და ოჯახი არ უნდა დაენგრია.
- არა უშავს, ახლაც შეგვიძლია მივმართოთ პოლიციას, მე დაგეხმარებით, არ არის გვიანი.
- გვიანია შვილო, დიდი ხანია ციხეშია უკვე, მომიკლა შვილი მაგ ნაძირალამ.
- იქნებ რამით შემიძლია დახმარება?
- მე მარტო იმის კითხვა მინდოდა, ჩემნაირი დედებისთვის რამე სასჯელი არ არსებობს? მეც რომ ჩამსვან ციხეში? ჩემი ხელით მოვკალი ჩემი შვილი.
მგონი პირველად არ ვიცოდი, რა მეთქვა. ის ტიროდა და მე ხმას ვერ ვიღებდი.
p.s როცა ასეთ ამბებს ვყვები, ზოგს ისე დაუჯერებლად ეჩვენება, ჰგონიათ, რომ ვიგონებ ან ვაბუქებ, არადა სამწუხაროდ, არასოდეს დამჭირვებია ერთი სიტყვის დამძიმებაც კი, პირიქით." - წერს ცირა ჯგერენაია