კაცი, რომელმაც და მოკლა, ბრალს არ აღიარებს – ნახეთ რა მიზეზი აქვს

0
144

სიღნაღის მუნიციპალიტეტში დის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც ადვოკატმა ლალი ჩაველაშვილმა დაკავებულისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, დაკავებული იმყოფება მძიმე სტრესულ, შოკურ მდგომარეობაში და მომხდარის დეტალებზე საუბრის უნარი არ აქვს.

„არის ძალიან შოკურ მდგომარეობაში, რაიმეს გადმოცემის არანაირი უნარი არ აქვს, მძიმე სტრესი აქვს მიღებული და ამ საკითხზე ვერ ლაპარაკობს, ვერაფერს ამბობს. საქმის მასალებს ვეცნობი და შემიძლია გითხრა, რომ ბრალს არ ეთანხმება, შესაბამისად, იყენებს დუმილის უფლებას“,- განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.