ჟურნალისტი ნანა აკობიძე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„იცით, ხო – ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში.
ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო. “ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა – ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.
მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს – შემზარავად მშვიდი ხმით. 15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს – ჩემზე უკეთესად.
ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს – ანგელოზს ჰგავდაო.
მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით – „სუნთქავს, სუნთქავს“ – ჯიუტად იძახდაო…
და ჰო – ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად.
იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად…
საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს. ჩვენ ვერ – მაგრამ რა მერე?
რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა? ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.