ბურთი ევროკავშირის მოედანზეა, თუ სურთ, უბრალოდ მოუშვან ონკანი, ჩვენ არავის ვზღუდავთ. მზად ვართ, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ, – ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის განცხადებით, „მსოფლიო ეკონომიკა მწვავე კრიზისს განიცდის, რაც ბაზრის იმ ცალკეული მოთამაშეების მხრიდან ძირგამომხთრელ საქმიანობასაც უკავშირდება, რომლებიც მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ, ასევე, მიმართავენ ბაზარზე დისკრიმინაციას და თუ ეს არ გამოდის, პირდაპირ ანადგურებენ კონკურენტების ინფრასტრუქტურას“.
„ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს “ჩრდილოეთ ნაკად 1“-და და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე დივერსია. ეჭვგარეშეა, ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის მიზანია მთელი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა და იაფი ენერგიის წყაროების ბლოკირება, მილიონობით ადამიანის და მეწარმის გაზის, სითბოს, ელექტროენერგიის და სხვა რესურსების გარეშე დატოვება, მათი იძულება, ეს ყველაფერი უფრო მაღალ ფასად იყიდონ. თავდასხმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენებზე გახდა ყველაზე საშიში პრეცედენტი. ის აჩვენებს, რომ ახლა საფრთხის ქვეშ არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული ან კომუნალური ინფრასტრუქტურის ნებისმიერი კრიტიკული ობიექტი, განურჩევლად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში მდებარეობს ის, ვის მიერ არის მართული, გადის ის ზღვის ფსკერზე თუ ხმელეთზე“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ამას ადასტურებს ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტიც, რომელიც, მისი თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს.
„უკვე ვთქვი, რომ კიევის რეჟიმი დიდი ხანია, იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ორგანიზებას უწევს პოლიტიკურ მკვლელობებს, ეთნიკურ წმენდას, შემდეგ თავადვე აქვეყნებენ ინტერნეტში, აცნობიერებენ, რომ ეს შეცდომაა და ეგრევე შლიან. თუმცა, ქსელში ყველაფერი რჩება. არ ჩერდებიან ატომური ტერორიზმის წინაშეც, ვგულისხმობ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას და რუსეთის კურსკის ატომური სადგურის გარშემო ტერაქტების განხორციელებას. ამავე რიგშია გაზსადენ „თურქული ნაკადისთვის“ ძირის გამოთხრის მცდელობებიც“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, „ჩრდილოეთ ნაკადის“ წინააღმდეგ დივერსიების უკან აშკარად დგას ის, ვინც მიისწრაფის რუსეთისა და ევროკავშირის კავშირების საბოლოდ გაწყვეტისკენ, ევროპის პოლიტიკური სუბიექტურობის საბოლოოდ მოკვლისკენ, მისი სამეწარმეო პოტენციალის შესუსტებისკენ, ბაზრის ხელში ჩაგდებისკენ“.