ტრაგედია დატრიალდა გუშინ გურიაში. სტიქიამ სამი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ერთ ერთი გარდაცვლილი ბავშვი იურა გუჯაბიძეა.
გარდაცვლილი ბავშვის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი:
“მეწყერმა ჯიხანჯირში მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მძიმე ფოტოა და ფოტოზე უფრო მძიმე რეალობა… დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა თვითონო, ამბობენ. მეწყერმაც ის სამზადი სახლი ჩაიტანა თურმე… სხვები გადაარჩინა… არ იცოდა, მაგრამ ხომ გადაარჩინა – გმირია, არც ეს იცოდა, მაგრამ გმირია მაინც … ნათელში იყოს, ქედს ვიხრი ამ პატარა ბიჭის სულის წინაშე” – წერს მშვიდობაძე.