– დიდი ტრაგედია მოხდა. როგორც ჩანს, ლომინას ტბაზე მიდიოდნენ კულუმბეგოვი და მისი ქუთაისელი ძმაკაცი. ჯერ მისულან ოკაცეს კანიონთან, სადაც გაუცვნიათ უცხოელი ტურისტები – ცოლ-ქმარი. ისინიც დაპატიჟეს ლომინას ტბის დასათვალიერებლად. უთქვამთ, კარგი ადგილებია და ერთად წავიდეთო. ამის შემდეგ ოთხივემ გზა მანქანით განაგრძო. იქამდე ოკაცეს კანიონიდან ორი კილომეტრია, შემდეგ, დაახლოებით, 200 მეტრის სიგრძის ვიწრო ჩასასვლელი, სადაც ფეხით უნდა ჩახვიდე. გადასავარდნი ადგილი იქ არ არის…
ეტყობა, მანქანიდან გადმოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, გზა აერიათ, იქ აღარ ჩაუხვიეს, გზა პირდაპირ განაგრძეს და ისეთ ადგილას მოხვდნენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ – იქ არც არაფერია სანახავი და არც რაიმე ინფრასტრუქტურა არსებობს. შემდეგ მოულოდნელად ამინდი შეიცვალა, უცებ ჩამობნელდა, საშინელი ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყო. ეტყობა, უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, ბიჭს ფეხი დაუცდა და გადავარდა სიმაღლიდან. სამწუხაროდ, ავთო კულუმბეგოვი ადგილზე გარდაიცვალა – იმხელა სიმაღლიდან არის გადავარდნილი, ვერ გადარჩებოდა….
სადაც წესით უნდა მისულიყვნენ, იქიდან ორი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. ავთო კულუმბეგოვის მეგობარმა სამაშველოში დარეკვა და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ დაიწყო მათი ძებნა. საღამოს ცხრის ნახევარი იქნებოდა, რომ დამირეკეს სამაშველოდან… ავთო კულუმბეგოვის ნომერი მიუწვდომელი იყო. ტურისტული ზონა მთლიანად დავათვალიერეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ადგილობრივი ბიჭებიც ჩაერთნენ ძებნაში, მაგრამ კვალს თითქმის ერთი საათი ვერ მივაგენით. მოგვიანებით, გარდაცვლილის მეგობარმა ისევ მოახერხა დარეკვა და, დაახლოებით, აგვიხსნა, სად იმყოფებოდნენ….
სამაშველო, პოლიცია, ადგილობრივები – ყველა ძებნის ოპერაციაში იყო ჩართული. ჯერ იპოვეს კულუმბეგოვის მეგობარი და მასთან ერთად მყოფი ცოლ-ქმარი – ისინი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყვნენ – უკვირდათ, თვითონ როგორ გადარჩნენ. მათი გამოყვანის შემდეგ ხელახლა შებრუნდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივებთან ერთად, მათ გაჰყვა ავთო კულუმბეგოვის მეგობარიც. ისეთი წვიმა და ჭექა-ქუხილი იყო, რომ დიდი ხანი დასჭირდა ჯერ ცხედრის პოვნას და მერე იმ ადგილიდან მის ამოყვანას. ეს მაშველებმა ადგილობრივების დახმარებით შეძლეს – ღამის პირველი საათი იქნებოდა, ცხედარი რომ ამოასვენეს…
იმ ადგილას, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალიან ბნელოდა, არაფერი ჩანდა და ეტყობა, ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცურდა ან გზა ვერ დაინახა და გადავარდა. ლომინას ტბაზე, ჩანჩქერების ტერიტორია ღამის საათებშიც განათებულია, ბილიკებია მოწყობილი და არის შენობაც, სადაც ტურისტებს თავის შეფარება შეუძლიათ. სამწუხაროდ, ტრაგედია იმან გამოიწვია, რომ გზა აერიათ, რასაც წვიმა დაემთხვა. დანარჩენებსაც უკვირთ, როგორ გადარჩნენ…
მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი რეზო ქაროსანიძის დახმარებით, მაშველებმა ჯერ მანქანა იპოვეს და შემდეგ სწორედ მან უჩვენა გზა მაშველებს, თუ როგორ შეიძლებოდა ცხედრის ამოყვანა.
სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით, ყველა განიცდის მომხდარ ტრაგედიას.
“ღმერთო!!! რატომ გვწირავ?! ასეთი გულის პატრონები არ უნდა მიდიოდნენ… როგორ გიყვარდა ეს ადგილები, რატომ ასეე???”, – წერს ახლობელი და იმ ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტოებს ურთავს.