როგორია ფულთან მიმართებაში სოფო ბედია, რა ანიჭებს მას ბედნიერებას, რაში ვერ აკეთებს ეკონომიას და რას მიაღწია საკუთარი შრომის შედეგად – ამ კითხვებზე პასუხს მისგან შევიტყობთ.
სოფო ბედია: ფული საარსებო წყაროა, მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მისი განსაკუთრებულად მოყვარული ვარ და მილიონებზე ვოცნებობ. მინდა, იმდენი მქონდეს, რომ ჩემს ოჯახს ეყოს და ასევე, შევძლო, გარშემო იმ ადამიანების დახმარება, ვისაც უჭირს. ჩემთვის მთავარია, არავის შიოდეს.
– გახსოვს, რაში დახარჯე პირველი ხელფასი?
– პირველ ხელფასამდე მახსოვს პირველი სტიპენდია, რომელიც ავიღე, როგორც ერთ-ერთმა წარჩინებულმა სტუდენტმა. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო. მეგობრებთან ერთად კაფეში წავედი და ხაჭაპური და წვენი მივირთვით. მაშინ სტიპენდია 50 ლარი იყო და ამ ფულს იმ დროს რაღაც ძალა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, კაფეში ხაჭაპურს შეჭამდი (იცინის). მახსოვს, როგორ მიხაროდა, რომ მე ეს ჩემი შრომით დავიმსახურე. მერე უკვე მუშაობა დავიწყე. არაერთ რესტორანში ვმღეროდი, მათ შორის, „ჯეოსტარამდე“ და სტუდენტობიდან მოყოლებული, ჩემი შემოსავალი მქონდა. თავზე არ გადამდიოდა, ამდენი არც ახლა მაქვს, მაგრამ მაშინაც მყოფნიდა და ახლაც იმდენი მაქვს, რამდენიც მე და ჩემს ოჯახს გვყოფნის. შემიძლია, ხანდახან გავერთო, სამეგობროსთან ერთად სადმე წავიდე, რაღაც საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო და ასე შემდეგ.
არ ვარ ადამიანი, რომელსაც ფულის მოქუჩება და დაგროვება უყვარს. არც იმ პრინციპით ვცხოვრობ – „მილიონს თუ კაპიკი დააკლდა, ის მილიონი აღარ არის“. ხარჯვა ძალიან მიყვარს, ბევრჯერ ფული უყაირათოდაც დამიხარჯავს, მაგრამ ხვალინდელ დღეზეც ყოველთვის ვფიქრობ. რაც მაქვს, ყველაფერს ერთ დღეში არ დავხარჯავ. ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას და მე ყველაფერზე ვფიქრობ.
– რაში გადაგიყრია ბევრი ფული?
– არ მიყვარს ბრენდებში სასწაული თანხების დახარჯვა. მერე რომ მთელი თვე მშივრები სხედან, ოღონდ ბრენდი ეცვათ და მზად არიან, მასში კოლოსალური თანხა გადაიხადონ, მათი არ მესმის და მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას. მიყვარს კოხტად და ლამაზად ჩაცმა, მომწონს ის, რაც მიხდება. მირჩევნია, შევიკერო და გაცილებით ნაკლები თანხა დამიჯდეს, ვიდრე კაბაში, რომელიც მხოლოდ ერთხელ უნდა ჩავიცვა, უზარმაზარი თანხა გადავიხადო. ასე არასდროს მოვქცეულვარ, სისულელეც კი მგონია. როდესაც მილიონერი ხარ და „თავზე გადაგდის“, რატომაც არა?! „შანელსაც“ ჩაიცვამ და „გუჩისაც“, მაგრამ, როცა ამდენის საშუალება არ გაქვს, ჯობს, ყველაფერს რეალურად შეხედო. მე ისეთი პროფესია მაქვს, ერთ კაბას მეორედ ვეღარ ჩავიცვამ, ამიტომ კაბებს ვერ გადავაყოლებ მთელ ჩემს ფინანსებს. ოჯახი რომც არ მქონდეს და მარტო ჩემს თავზე ვზრუნავდე, მგონია, რომ დღევანდელი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩანთებსა და კაბებში კოლოსაკური თანხები ვიხადოთ. ეს ნიშნავს, რომ მეორე დღეს ყავის დასალევი ფული არ გვექნება და ეს ჩემთვის დიდი სისულელეა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ.
– თავის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, ესეც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამაში თუ შეგიძლია, თავს ზღვარი დაუწესო?
– თავის მოვლა მართლა ძალიან მიყვარს და მგონი, მეტყობა კიდეც. სცენაზე რომც არ ვიდგე და პოპულარულიც არ ვიყო, მე ქალი ვარ და ნაგვის გადაყრის დროსაც ფორმაში უნდა ვიყო. თუმცა, ჩვეულებრივი დიასახლისიც ვარ, სახლსაც ვალაგებ, ვრეცხავ, ვხეხავ და ასე შემდეგ. თავის მოვლის შემთხვევაშიც ასეა, არ ვიყენებ ძალიან ძვირად ღირებულ საშუალებებს. მეც არაერთხელ შემიძენია ძვირად ღირებული კოსმეტიკა და ბევრჯერ უჩუქებიათ კიდეც, გამომიყენებია და ვიცი, რომ არანაკლებ ეფექტურია გაცილებით ნაკლები ღირებულების კოსმეტიკა. დღეს ვარსკვლავები, არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში, აღიარებენ იმას, რომ ფულის ზედმეტად ხარჯვა სისულელეა. ასე რომ, მე ძალიან მარტივად ვუყურებ ამ ამბავს.
– სალონური პროცედურები?
– სალონში მხოლოდ თმის შესაღებად და პედიკურის გასაკეთებლად დავდივარ. სხვა მხრივ, თუ რამე განსაკუთრებული გადაღება არ მაქვს, ვარცხნილობას და მაკიაჟს მე თვითონ ვიკეთებ. ამისთვის ვიზაჟისტებს ტელევიზიებშიც არ ვაწუხებ. კლიპებშიც კი საკუთარი მაკიაჟითა და ვარცხნილობით გამოვსულვარ. ბევრი რამ მეხერხება და რატომაც არა?!
– ახერხებ აღებული ჰონორარი თვიდან თვემდე გადაანაწილო?
– არის ხოლმე გაუთვალისწინებელი სიტუაციები. ოჯახის გარდა, გარშემო ბევრი ადამიანია, სტუმრად მიდიხარ, საჩუქარი გინდა, შეიძინო და ასე შემდეგ. ასეთ მომენტებში უკან არასდროს ვიხევ, მაგრამ ამოსავალი წერტილი ერთი მაქვს – ხვალინდელისთვის თანხა უნდა მქონდეს. ისე არასდროს მოვქცეულვარ, რომ მეორე დღისთვის გზის ფული მაინც არ დამეტოვებინა. პანდემიის დროს მატერიალური თვალსაზრისით ყველას ძალიან რთული პერიოდი გვქონდა და მაშინაც კი ვცდილობდი, სწორად დამეგეგმა ყველაფერი, რომ მერე უსიამოვნო ფაქტის წინაშე არ აღმოვჩენილიყავი. ძალიან არ მიყვარს ვინმესთვის ფულის თხოვნა. არ არსებობს ასეთი რამ. მართლა მირჩევნია, იმ დღეს შავი პური ვჭამო, ვიდრე ვინმეს ვთხოვო დახმარება და ვერც იტყვის ვინმე, რომ მისთვის ერთი ლარი მაინც მითხოვია, თუნდაც სესხად.
– არც მეუღლეს?
– მეუღლეს, რა თქმა უნდა, მოუცია. რომელი ქმარი არ აძლევს ფულს ცოლს ან რომელი ცოლი – ქმარს, ოჯახში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ შორის ჩემი შენი არ არსებობს, მაგრამ ოჯახს გარეთ გამორიცხულია, ვინმეს სესხება ვთხოვო. ერთადერთი, ბანკის ვალი მქონდა და ისეთი ბედნიერი ვარ ეს სესხიც რომ დავფარე, არ ვიცი (იცინის). მშვიდად მიდევს ბალიშზე თავი. ძალიან კარგი გადამხდელი ვიყავი, ერთი კვირით ან ათი დღით ადრე ვდებდი დეპოზიტზე თანხას, რომ მერე რამე პრობლემა არ შემქნოდა და შესაბამისად, ძალიან კარგი ისტორია მქონდა. ამ მხრივ, ძალიან პასუხისმგებლობიანი ვარ. მარტო ამაში კი არა, ზოგადად, ყველაფერში უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს.
– თვითონ რამდენად ხშირად გთხოვენ ფულის სესხებას?
– ვაიმე, ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე (იცინის). საერთოდ, ქველმოქმედება ძალიან მადლიანი საქმეა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მგონია სწორი, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როცა ვინმეს დახმარება სჭირდება, გულგრილი ვერასდროს ვრჩები და უკან არ ვიხევ. ძალიან ბევრი მწერს და როგორც შემიძლია, ისე ვეხმარები. საქველმოქმედოს გარდა, გააჩნია ვინ მთხოვს. საერთოდ, მირჩევნია ვაჩუქო, ვიდრე ველოდო, რომ დამიბრუნებენ. სესხება არ მიყვარს, თუ მაქვს, ვაჩუქებ.
– თანამედროვეობაში ადამიანს ფულის ქონა-არქონით აფასებენ?
– რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც მეგობრებს მათი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით არჩევს. ინათესავებენ კიდეც მას, ვისაც ბევრი ფული აქვს და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. შენ თუ ადამიანად არ ვარგიხარ, მე არც შენი ფული მინდა და არც სხვა არაფერი ამქვეყნად. ფულს საერთოდ არ აქვს ხარისხი მეგობრობასა და ადამიანობაში. მინდა, ყველას ჰქონდეს ფულიც და კეთილდღეობაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ვინმეს ფულის გამო, გამორჩენის მიზნით დავუმეგობრდე. ეს საშინელებაა და მგონია, რომ ურთიერთობაში ეს მიზანი აუცილებლად იგრძნობა. სულელი არავინაა და ყველასთვის შესამჩნევია, ვინ რატომ გემეგობრება.
– ყველაზე სარფიანად რაში დაგიბანდებია ფული?
– სახლის შესაძენად. ამისთვის ნამდვილად ვაგროვებდი ფულს და შევიძინე კიდეც ჩემი დიდი შრომისა და წვალების შედეგად. არავინ ერთი თეთრით არ დამხმარებია. სახლიც, მანქანაც და საერთოდ, ყველაფერი რაც მაქვს, ჩემი ძალებით შევიძინე.
– მეუღლე რომ ძალიან კარგ საჩუქარს გაჩუქებს, წუწუნს იწყებ, ამდენი ფული რატომ დახარჯეო თუ ბოლომდე შეგიძლია, გაიხარო?
– არა, წუწუნა ადამიანი საერთოდ არ ვარ. საყვარელი ადამიანის მხრიდან თითზე გადასახვევიც ძალიან მსიამოვნებს. ყურადღება ყველა ქალს ახარებს. მიშა მესხი ვერ გაიხსენებს ერთ მომენტსაც კი, როცა სოფომ წუწუნი დაუწყო. არარსებულია ასეთი რამ და არც თვითონ არის წუწუნა კაცი. რაც გვაქვს, იმით ვხარობთ და უფლის მადლობლები ვართ.
– თვითონ უკეთებ საჩუქრებს?
– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მიშა მანებივრებს, მეც კარგი საჩუქრების გაკეთება ვიცი, ეგრე კი არაა (იცინის). საერთოდ, მიშას კარგი ჭამის გარდა, არაფერი აბედნიერებს და ეს არ უნდა მოაკლდეს (იცინის). ახლა ესმის და აპროტესტებს, ერთი კვირაა არაფერი მიჭამიაო და მართალიცაა, ერთი კვირაა დიეტაზე მყავს (იცინის). თუმცა, ზოგადად, როგორც შემიძლია, ნამდვილად ვანებივრებ.