"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, იტალიაში ასამართლებენ 36 წლის ქართველ ქალს, რომელსაც ბრალად მოხუცზე ძალადობა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაცდელში მიტოვება ედება. საქართველოს მოქალაქე გოია ტაუროს დასახლებაში მომვლელად მუშაობდა. ის 88 წლის, ლოგინად მყოფ ქალს უვლიდა.
ქალის ახლობლებმა შენიშნეს, რომ მოხუცის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა და მომვლელის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეეპარათ. ოჯახმა საქმეში ადგილობრივი პოლიცია ჩართო. სამართალდამცველებმა სახლში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა დაამონტაჟეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველი მომვლელი მოხუცზე ფიზიკურად ძალადობდა, ღამის საათებში მას მარტო ტოვებდა და შინ მხოლოდ გამთენიისას ბრუნდებოდა.
კარაბინერებმა საქართველოს მოქალაქე სხვა მისამართზე დააკავეს, სადაც ის ასევე ოჯახის დამხმარედ მუშაობდა.