თაკო ტაბატაძემ მეუღლესთან დაშორებასა და მომხდარის შემდეგ საზოგადოების რეაქციებზე მან “ნანუკას შოუში” ისაუბრა:
“ზოგადად მსოფლმხედველობრივი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად. 17 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. თითქოს ერთად იზრდებით, პირველი პერიოდი იყო დიდი ემოციების პერიოდი, შემდეგ შემოდის პრობლემები, მერე ბავშვები და მეტი პასუხისმგებლობა ჩნდება. მერე უკვე ხვდები, საით მიდიხართ – შენ სად მიდიხარ, ის საით მიდის. ირჩევ პროფესიას… ამ დროს შეიძლება რაღაცებში ვერ შეთანხმდე ადამიანთან. სამწუხაროა და ძალიან მტკივნეულია. მინდა ვთქვა, რომ დედობა ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. მინდა, ჩემი გოგონებისთვის მაგალითი ვიყო” – ამბობს თაკო.
მსახიობის თქმით, გადაწყვეტილებამდე ძალიან ბევრი იფიქრა იმაზე, თუ როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება:
“რაღაცა გადაწყვეტილება ერთ დღეში არ ხდება. ძალიან ბევრი ვიფიქრე და ზუსტად ვიცოდი, იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ქალების წინააღმდეგ იბრძვის, ძალიან მწვავედ მიიღებდა ამას. ყველაზე მტკივნეული იყო ერთი რაღაც, ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა ჩემს სახლთან, ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა კაცმა. ეს ჩამებეჭდა თავში. შემდეგ ვკითხულობ ამ თემაზე სტატიას, ჩავყევი კომენტარებს და საშინელებები წავიკითხე. წერდნენ, ეტყობა გამოიწვია ქალმა, კარგი ქალი თავს არავის მოაკვლევინებსო და ა.შ. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც მსხვერპლს ადანაშაულებდნენ, არ შეიძლება მისაღები იყო. ჩემს შვილებსაც ვასწავლი, არ არის აუცილებელი, ყველას უყვარდე”, – ჰყვება თაკო.
“მგონია, რომ ახლა სწორად ვცხოვრობ. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს, როცა ჩემს საქმეზე და საყვარელ ადამიანებზე ვლაპარაკობ. მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი – შვილებზე ზრუნვა,მათთვის მეც და გიაც თავს გადავდებთ. ძალიან მიხარია, რომ თანაბრად ვართ ჩართული ყველაფერში. ჩემთან არიან პატარები, ერთად ვცხოვრობთ, თუმცა მამასთან სულ აქვთ კომუნიკაცია.
ძალიან ბევრ ჭორს ვისმენდი საკუთარ თავზე – წერდნენ, რომ მე შვილები მივატოვე და ოკეანის გადაღმა რომანტიკულ ვახშამზე ვიყავი. ამ დროს ჩემს გოგონებთან ერთად შეკვეთილში ვისვენებდი და ჩემი შვილი მიღებდა ფოტოს. მივხვდი, რომ არ არის ეს ყველაფერი ჯანსაღი. ძირითადად “ფეიქები” იყო, მაგრამ არსებობდნენ რეალური ადამიანები, ვინც მართლა ამტკიცებდნენ ამას”, – აღნიშნა თაკო ტაბატაძემ.