ჩემი დიდი ბებია ალექსანდრა 12 წლის გაათხოვეს.
გაათხოვეს და გააყოლეს 27 წლით უფროს ბაბუაჩემს. ამაზე რომ ვფიქრობ, ბებიაჩემი ჩემიანი მგონია და ბაბუა ვიღაც სხვა, უცხო კაცი. ბებია- მსხვერპლი, ბაბუაჩემი კი- დამნაშავე. არადა, მაშინ ასე იყო… ასე ცხოვრობდნენ.
როცა პირველად სახლში მიიყვანეს, ბუხართან 8 წლის გოგონა დახვდა, თამაშობდა. ალექსანდრამ, რომელსაც უკვე „გათხოვილი ქალი“ ერქვა, ტანზე არც გაუხდია, ისე გახსნა მზითვის ჩემოდანი, ნაჭრის, ბამბით გამოტენილი, ფერადი “ლოსკუტებით” დაკერებული თოჯინა ამოიღო და პატარა გოგოს თამაშში შეურთდა.
ბაბუაჩემი იქვე ჩამომჯდარა, თვალს არ აშორებდა. დიდ ხანს ხმას არ იღებდა. ვინ იცის, იქნებ ისიც იფიქრა, შვილის ტოლი გოგო რამ მომაყვანინაო, მაგრამ მაშინ ასე ხდებოდა და ისიც დაჰყვა.
ბავშვები დიდ ხანს თამაშობდნენ, არ დაუშალეს. ასე უფრო შეეგუება ახალ სახლს, უდედობასოო… არადა, ერთი დედინაცვალი იყო, მეორე კი- გერი. ერთი თორმეტი წლის იყო, მეორე კი- რვის.
ალექსანდრას იმ საღამოსვე აჩვენეს სახლი, კარი, ეზო, ჭურჭელი, რაც გააჩნდათ და რაც ჰქონდათ… რა, სად და როგორ უნდა ეკეთებინა. თუმცა ეს ყველაფერი ისედაც იცოდა, ერთს ვერ ხვდებოდა – რას ნიშნავდა ცოლ-ქმრული ცხოვრება..
ახლა რომ ცოცხალი იყოს, რამდენ რამეს ვკითხავდი… როგორ უთხრეს და აუხსნეს 12 წლის გოგონას, რას ნიშნავდა გათხოვება, დედისგან, მამისგან წასვლა, სხვა სახლში გადასვლა, ან როგორ აუხსნეს, რომ ღამით უცხო მამაკაცთან უნდა დარჩენილიყო, ან რას ნიშნავდა ცოლ-ქმრული ვალდებულებები….
რა იფიქრა ღამით, სათამაშო რომ დადო და დასაწოლად წაიყვანეს… როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ერთ დღესა და ერთ ღამეში. იცოდა, როგორ უნდა გიყვარდეს, როგორ უნდა უყვარდე… თუ ეს არც იყო აუცილებელი… ან ბაბუაჩემი რას ფიქრობდა შვილის ტოლი და სწორი რომ მოჰყავდა, დღისით უყურა, როგორ თამაშობდა და ღამით მასთან დაწვა…
მტერივით ვუყურებ ბაბუაჩემს. ამ დროს ერთი უწყინარი, წიგნიერი კაცი ყოფილა. გასაბჭოების შემდეგ არც ანაფორა გაიხადა და ვერც გაკრიჭეს. უყვარდათ და პატივს სცემდნენ თავისი წესიერების გამო. ადამიანები დასახმარებლად ხშირად აკითხავდნენ, რჩევას ეკითხებოდნენ.
პირველი ცოლის სიკვდილის შემდეგ დაოჯახებას აღარ აპირებდა, ნათესავები შეუჩნდნენ: შენ ცოლი გინდა, ბავშვს კი- დედაო. ერთი წლის შემდეგ ალექსანდრა აჩვენეს. ბებიას ოჯახიც მალევე დათანხმებულა, სად ნახავდნენ წესიერ, ოჯახმოკიდებულ, წელში გამართულ და ჭკუასაკითხავ კაცს კიდევ. ალექსანდრას დედა რომ დაიჩივლებდა: ჯერ რა დროს გათხოვებაოო, მამა ჩუმად უბრუნებდა პასუხს: ქალი იმისაა, რომ გათხოვდესო. და გაათხოვეს კიდეც 12 წლის.
ბაბუაჩემს მხოლოდ ის უკითხავს, ჯანმრთელი ხომ არის, ავი არ იყოს და წერა-კითხვა იცოდესო. ალექსანდრა ყველა „პუნქტს“ აკმაყოფილებდა. მაღალი და შესახედი რომ იყო, ეგ თვითონაც ნახა.
სახლში რომ მიიყვანეს, უთხრეს: დღეიდან ეს შენი სახლია და ეს გოგონა შენი შვილიო… ალექსანდრასთვის ყველაზე მონათესავე სულიც ცინცაძეების ოჯახში ეს გოგონა იყო, მასზე სულ რაღაც 3 წლით პატარა. დედაც თამაშის დროს დაუძახა. ალბათ, დედაშვილობანას ან სახლობანას თამაშობდნენ.
ერთი წლის შემდეგ ალექსანდრას შვილი შეეძინა. მშობიარობა გაუჭირდა, დიდ ხანს ყოფილა სუსტად. ფეხზე რომ დამდგარა, პირველი მისი ჭრელი, ბამბით გამოტენილი თოჯინა მოუკითხავს. გურიაში ნესტი იცის, სისველე კარგად თუ არ გამოშრა და მზემ არ დახედა, ყველაფერი ობდება. ის თოჯინაც დაობებული უპოვია კარადაში. უტირია… ბავშვურად გულამოსკვნით… ვინ იცის, იქნება მიხვდა, რომ აქ ბავშვობა საბოლოოდ დამთავრდა.
მერე წამომდგარა და თოჯინა ბუხარში შეუგდია: მე ხომ მყავს თოჯინა, თან ნამდვილიო. აკვნიდან ბავშვი ამოიყვანა, გულში ჩაუკრავს… ახლა უკვე ცოცხალი თოჯინა ჰყავდა… ასე გაიზარდა პატარა გოგო ერთბაშად.
წლები გავიდა და ეს ამბავი, რომელსაც ბებიაჩემი მიყვებოდა, სულ სხვანაირად მესმის… გუშინ ჩემი შვილი 12 წლის გახდა და თუ შეიძლება მადლობელი ვიყო, მადლობელი ვარ ერთი იმის, რომ დედა ვარ და მეორე იმის, რომ 12 წლის ბავშვის გათხოვება დღეს უკვე დანაშაულია და ცხოვრების წესი აღარ არის. სადღაც, როგორღაც გავიზარდეთ და ის ტრადიციაც დავანგრიეთ, როცა ქალი მხოლოდ გასათხოვრად იბადება – ამით იწყებოდა და მთავრდებოდა მისი ცხოვრება.